კორუფცია

ბოლო დღენახევრის განმავლობაში, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] განცხადებით, ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი. 

მათ შორისაა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელბიც უწყების ცნობით, ქუთაისში 3 მილიონ დოლარად გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის უკანონო შეძენას და სხვა ქვეყანაში გადატანას. 

უწყების ცნობით, სხვა საქმეები შეეხება სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულებს. სუს-ის განცხადებით, რამდენიმე ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი.

"მათ შორისაა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, ასევე მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 პირი. მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტსაც, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა.

ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტებზე, ბათუმსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს. ბათუმის შემთხვევა ეხება შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული შპს-ს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამის აღებას, ხოლო ლაგოდეხის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში, ქრთამის სანაცვლოდ, მოქალაქეს თავიდან აარიდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, ხუთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის და უნებართვო მშენებლობის ფაქტებზე, ე.წ. K2 კოეფიციენტებთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 6 პირი, ხოლო სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება ორ მოქალაქეს მოუწია.

მდინარაძის უწყების განცხადებით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე, თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები". 

ამიტომ ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ ფლობის შემთხვევაში ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულებზე. 

"ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უჩნდებათ სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ,  ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები