პანკისის ხეობა

ბოკერია ჰესებზე: სადაც მანქანებს დაწვავენ, იქ მთავრობა დაიხევს და კანონმორჩილებთან - არა?

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით, უპასუხისმგებლობა არის ის, რომ შს მინისტრს არ უფიქრია, ისე გააგზავნა პანკისში პოლიცია, ხოლო წინააღმდეგობის შემდეგ, "მშვიდობისმყოფელად მოგვევლინა". ამის შესახებ ბოკერიამ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მიმართა. ბოკერიამ შს მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც პანკისის ხეობაში ჩასულმა თქვა, რომ თუ მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა, ჰესი არ აშენდება.

"65% რომ იყოს თანახმა, თუ ქვეყანას სჭირდება, არ უნდა აშენდეს?" - თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ასევე იკითხა, თუ მთავრობას ის პოზიცია ჰქონდა, რომ ჰესის მშენებლობაზე მოსახლეობის 90% უნდა ყოფილიყო თანახმა, რა საჭირო იყო პანკისის ხეობაში ძალის შეყვანა.

"წინასწარ რატომ არ უთხარით ამ ხალხს? ამოიწურებოდა ყველა პრობლემა, არ იქნებოდა არანაირი დაძაბულობა. თუ ეს ასე არ იყო და ახლა 90% უნდა დაარწმუნოთ, რომ შედგეს ნებისმიერი ჰესის პროექტი, თქვენ, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, როგორ ფიქრობთ, რა გზავნილია ეს კანონმორჩილი ადამიანებისთვის - სადაც პოლიციის მანქანებს დაწვავენ და იქნება აგრესიული წინააღდეგობა, იქ მთავრობა უკან დაიხევს, ხოლო სადაც კანონმორჩილები იქნებიან ადამიანები, იქ არა?"  მიმართა ბოკერიამ მინისტრს.

ნათია თურნავას თქმით კი, "ასეა თუ ისეა, ჩვენ ახლა იქ ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში, ეს საკითხი აღმოიფხვრა, ხეობაში სხვადასხვა პროექტი ვითარდება, მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან მიმართებით თუ რა და როგორ განვითარდეს უფრო მეტად პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, ჰესებიც იქნება ამის ნაწილი. მიღწეულია მშვიდობა, ნებისმიერი, ვინც ეცდება ამ მიღწეულ მშვიდობაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს" - თქვა მინისტრმა. მან ბოკერიას მოუწოდა, საკითხთან დაკავშირებით იყოს "ძალიან კორექტული" და "ნუ მოუწოდებთ აქეთკენ ადგილობრივ მოქალაქეებს", რაზეც ევროპული საქართველოს დეპუტატმა თქვა, რომ მოქალაქეებს უკანონო ქმედებებისკენ ის მოუწოდებს, "ვინც ჯერ ნაბიჯს დგამს და მერე ფიქრობს".

"როცა პოზიციას შეიცვლი მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანები დაწვეს პოლიციის, ის მოუწოდებს მოქალაქეებს უანონობისკენ, მე - არა. მე მოვუწოდებ ყველას, პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიონ, მშვიდობიანად მოიქცნენ და კანონმორჩილები იყვნენ. ასევე, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ჰესების წინააღმდეგ პოპულიზმს არ აყვნენ, ეს არის ჩემი პოზიცია" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა. ადგილზე ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შსს-მ თქვა, რომ უწყებას ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, როცა მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად დაისჯებოდა.

კომენტარები