სულხან მოლაშვილის საქმე

შავგულიძე: მოლაშვილს არასდროს უთქვამს, ვინ აწამა, "ოცნებას" 7 წელი ჰქონდა გამოსაძიებლად

შალვა შავგულიძე
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

თავისუფალი საქართველო - ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს მისთვის არასდროს უთქვამს, ვინ აწამა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატების დროს, ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ შავგულიძეს უთხრა, რომ "ჩვენ შორის სულხან მოლაშვილის სულია... ხომ იცოდი, რომ აწამებდნენ, ხომ აქვს ნათქვამი, რომ აწამებდნენ, ხომ იცოდი, ვინც აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან".

შალვა შავგულიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის დაკავების პირველი დღიდან იცავდა სულხან მოლაშვილს, თუმცა, მას არასდროს უთქვამს კონკრეტული სახელი და გვარი.

"ის იყო ნაწამები, მაგრამ მას ჩემთვის არ უთქვამს, ვინ აწამა, როგორ შეიძლება, მე თავისთვის უფლება მიმეცა და მეთქვა - რატომ არ მეუბნები, ვინ გააკეთა ეს. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება დაიწყო იმ ხელისუფლების დროს წამების ფაქტზე და ვერ გაიხსნა საქმე. და ამ ხელისუფლებას უკვე 7 წელია, აქვს დრო, რომ ჩაატაროს გამოძიება, მაგრამ ეტყობა, ეს ხელისუფლებაც ვერ ატარებს და ვერ ადგენს ამ ფაქტს. ანბანური ჭეშმარიტებაა, თუ ვინმე აცხადებს დანაშაულის ფაქტზე, ამ ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ მე არასდროს დამიდანაშაულებია ბოკერია, რადგან ასეთი რამ სულხანს თავად არ უთქვამს ჩემთვის, გამოძიებამ კი ვერ დაადგინა" - თქვა შალვა შავგულიძემ.

ამის შემდეგ, ქართული ოცნების კანდიდატმა ოპონენტი ამნეზიაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ "სულხანის სული" ამას არ აპატიებდა. შალვა შავგულიძემ მას მიუთითა, გარდაცვლილის სულით ნუ ისპეკულირებდა, რაზეც ქართული ოცნების კანდიდატმა უპასუხა - "ის ცოცხალია, ის აქ არის".

2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრის ჩათვლით სულხან მოლაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ის 2004 წელს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს. მისი თქმით, წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, 2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს 3-4-მა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა საკანში აწამა. სულხან მოლაშვილმა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმავე წელს მიმართა. 

სულხან მოლაშვილს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე ის 2008 წელს გაათავისუფლეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილი და საქართველოს მთავრობა მეგობრულად მორიგდნენ. ხელისუფლებას მოლაშვილის სასარგებლოდ 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, ეფექტურად გამოიძიოს სულხან მოლაშვილის არასათანადო მოპყრობის ბრალდებები სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად. 

საქართველოს სახელმწიფოს მიერ 2014 წლის 11 მარტით დათარიღებულ წერილში საქართველოს სახელმწიფომ აღიარა დარღვევები სულხან მოლაშვილის საქმეში კონვენციის მე-3, მე-5, მე-6 და მე-14 მუხლების ფარგლებში, რაც გულისხმობს, შესაბამისად, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან თავისუფლებას, თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიან სასამართლო უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, საქართველოს ძველი ხელისუფლება იძულებული გახდა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსთვის აღიარებითი წერილით მიემართა და სულხან მოლაშვილთან მორიგების პროცედურა დაეწყო. მორიგების ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო, მოლაპარაკებები გაჭიანურდა და პროცედურა ახალმა ხელისუფლებამ დაასრულა.

კომენტარები