სულხან მოლაშვილის საქმე

მოლაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილება არის ენმ-ის სისხლიანი რეჟიმის დასტური

სულხან მოლაშვილი
reportiori.ge

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. ინტერპრესნიუსის ცნობით, მოლაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის სისხლმსმელი რეჟიმის არსებობის უტყუარ დასტურად" მიიჩნია.

"ეს გადაწყვეტილება არის ათწლიანი ლოდინის, ათწლიანი ბრძოლის შედეგი, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდით. ეს არის დასტური ნაციონალური მოძრაობის სისხლისმსმელი რეჟიმის უტყუარი არსებობისა, ნაციონალური მოძრაობის მესვეურების მიერ წარმოებული პოლიტიკისა, ამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. ეს არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა გააუბედურონ ოჯახები და როგორ არ უნდა გაამწარონ ადამიანთა სიცოცხლე" - აღნიშნა სულხან მოლაშვილმა.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოლაშვილი და საქართველოს მთავრობა მეგობრულად მორიგდნენ. ხელისუფლებას მოლაშვილის სასარგებლოდ 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რომლის დაფარვაც 3 თვის ვადაში უნდა მოხდეს. სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 მარტით დათარიღებული წერილის საფუძველზე მიიღო. ამავე წერილის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება იღებს ვალდებულებას ეფექტურად გამოიძიოს სულხან მოლაშვილის არასათანადო მოპყრობის ბრალდებები სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად. ასევე, მთავრობა აღიარებს მოლაშვილის უფლებას მისი სურვილის შემთხვევაში განაახლოს სისხლის სამართლის საქმისწარმოება.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრის ჩათვლის სულხან მოლაშვილი იკავებდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს. სასამართლომ მოლაშვილი დამნაშავედ სცნო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით, რის გამოც მას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილის ინფორმაციით, 22- დან 23 აპრილის ღამეს სამმა-ოთხმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა ის საკანში აწამეს. სულხან მოლაშვილმა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2004 წელს მიმართა. მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე მოლაშვილი 2008 წელს გაათავისუფლეს. 

კომენტარები