სულხან მოლაშვილის საქმე

შავგულიძე მურუსიძეს: თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

"უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა და გადაიქეცით პიარკამპანიის ერთერთ ჭანჭიკად" - ასე მიმართა ადვოკატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მოსამართლე ლევან მურუსიძეს ტელეკომპანია იმედის ეთერში. მისი თქმით, "არავინ არ ეკითხება მოსამართლეს", ერთი პოლიტიკური ძალა რა ბლოკს შექმნის მეორე პოლიტიკურ ძალასთან.

"არ შეიძლება, მოსამართლემ დასვას ეს შეკითხვა. სამწუხაროდ, სწორია ეს მოთხოვნა, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სასამართლო ხელისუფლება და იმ კლანმა, რომლსაც თქვენ წარმოადგენთ" - აღნიშნა შავგულიძემ.

ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ადვოკატს ჰკითხა, რატომ არ გაასაჩივრეს სულხან მოლაშვილის საქმე. ასევე, უვადოდ დანიშნული მოსამართლის მტკიცებით, სულხან მოლაშვილი წამებაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებდა. ლევან მურუსიძემ შავგულიძეს ჰკითხა, იტყუებოდა სულხან მოლაშვილი თუ არა, ან თუ სიმართლეს ამბობდა, რამდენად მორალურია, რომ "იმ პარტიის წევრი ხართ, ვისაც ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი".

შალვა შავგულიძემ განმარტა, რომ ის ევროპული საქართველოს წევრი არ არის და მის პარტიას ამ პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო ბლოკი აქვს, "რაც თქვენი საქმე არ არის". ამასთან, ადვოკატის თქმით, მისთვის სულხან მოლაშვილს არასდროს უთქვამს მისი წამების ფაქტის შესახებ და არც იმაზე, კონკრეტულად ვინ აწამა. 

"მე ვიცავდი წლების მანძილზე სულხანის ინტერესებს და არასდროს არ უთქვამს ეს ჩემთვის" - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

კომენტარები