ქუთაისი

ქუთაისში მოქმედი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ნანა კოსტავას ბოიკოტს უცხადებენ

ნანა კოსტავა
რადიო "ძველი ქალაქი"

ქუთაისში მოქმედი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას ბოიკოტს უცხადებენ

ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ ,"ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდმარის" ნანა კოსტავას ბოლო დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ" - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დღეს, 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

კოსტავას განცხადებაზე ბოდიში მოიხადა ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ

ცნობისთვის, წარსულში, ოცნების დეპუტატი ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 

2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

კომენტარები