ავსტრია

შტრახეს სკანდალის შემდეგ ავსტრიის მთავრობა თავისუფლების პარტიის წევრებმა დატოვეს

სებასტიან კურცი და ჰაინც-კრისტიან შტრახე
DW

ავსტრიის ყოფილ ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახესთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მისი ულტრა-მემარჯვენე თავისუფლების პარტიის წევრები სამთავრობო თანამდებობებს ტოვებენ. მათ შორის არიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ტრანსპორტის და სოციალურ საქმეთა მინისტრები.

შტრახეს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელიც მის რუსეთთან კორუფციულ კავშირებზე მიუთითებს.

ამის შემდეგ თავისუფლების პარტიის წევრები დაიმუქრნენ, რომ თანამდებობებს დატოვებდნენ, თუ სკანდალის გამო შინაგან საქმეთა მინისტრ ჰერბერტ კიკლსაც გაათავისუფლებდნენ.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა თქვა, რომ როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, კიკლს მომხდარ სკანდალზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობა დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერის ჰაინც-კრისტიან შტრახეს ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ის და თავისუფლების პარტიის კიდევ ერთი წევრი არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის და ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის, Kronen Zeitung-ის, რომელიც თავისუფლების პარტიის მიმართ კრიტიკულია, 50% აქციის შესყიდვის შემთხვევაში რუსი ოლიგარქის დისშვილს "კონტრაქტების დადებას" ჰპირდებოდნენ.

18 მაისს ლიბერალური ოპოზიციური პარტია ნეოსი და მწვანეები არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. ვენაში ავსტრიის კანცლერის ოფისთან ამავე მოთხოვნით მივიდა 5000-ზე მეტი მომიტინგე.

18 მაისს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა შტრახეს რუსებთან გარიგების სკანდალის გამჟღავნებიდან მეორე დღეს პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს ახალი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა.

კურცის ავსტრიის სახალხო პარტია ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან კოალიციაში ავსტრიაში 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა.

კომენტარები