საქართველოს პარლამენტი

15 მაისს გიორგი ქობულია პარლამენტში ღია ფორმატის ფარგლებში მივა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია 15 მაისს პარლამენტში ღია ფორმატის ფარგლებში მივა. შეხვედრა დამოუკიდბეელ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივით იმართება.

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა პარლამენტის კინოდარბაზში 13:00 საათზე გაიმართება. მასზე დასწრება ყველა დეპუტატს შეეძლება.

ცნობისთვის, 10 მაისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატთა ნაწილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საკომიტეტო მოსმენის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვდა, რომან კაკულიამ გადადო. კომიტეტის თავმჯდომარემ მიზეზად ის დაასახელა, რომ სხდომას კომიტეტის ქართული ოცნების წევრი დეპუტატების უმრავლესობა არ ესწრებოდა.

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდა. 

გიორგი ქობულიამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის გადააყენეს და თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. კითხვაზე, ვინ გაუშვა ის თანამდებობიდან, პრემიერმინისტრმა ბახტაძემ, თუ ბიძინა ივანიშვილმა, ამბობს, რომ ამას ვერ დააკონკრეტებს. გადაყენების მიზეზად ქობულია მიზეზად მასსა და მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. 

კომენტარები