9 მაისი

შსს: ვაკის პარკთან აქციებზე სულ 5 პირი დაკავავეთ, ყველა ხელწერილით გავათავისუფლეთ

ტაბულა

2019 წლის 9 მაისს, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და იქვე პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, პოლიციამ 5 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 
დააკავა, ხოლო 1 პირი გააფრთხილა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

"პოლიციამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ხოლო, 1969 წელს დაბადებული თ. ფ., კომისიის გაფრთხილების მიუხედავად საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, საქართველოს კანონის 
„თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის  174-ე 16 პრიმა მუხლით  გამოავლინა და გაფრთხილება მისცა. სამართალდამცველებმა, ასევე, კონტრაქციის 4 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით: 1983 წელს დაბადებული გ. ო., 1975 წელს დაბადებული კ. კ., 1977 წელს დაბადებული ა. მ. და 1978 წელს დაბადებული გ.მ.," - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია. მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში.

კომენტარები