9 მაისი

ზურაბიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი აჩუქა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მისალოც წერილებთან ერთად 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი გაუგზავნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
"იმ ომში, კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების - მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე.
 
ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ.
 
თქვენ მიმართ მოწიწებასა და მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ და გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობასა და მხნეობას!" - წერია ზურაბიშვილის მიერ გაგზავნილ წერილში.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

კომენტარები