თამბაქოს კონტროლი

ნეპალი, ზამბია, სამოა - ვისთან ერთად მოხვდა საქართველო თამბაქოს კონტროლის პროექტში

AP

კაბო ვერდეს, კამბოჯას, ჩადის, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ელ სალვადორის, იორდანიას, მადაგასკარის, მიანმარის, ნეპალის, სამოას, სიერა ლეონეს, შრი ლანკასა და ზამბიასთან ერთად საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელიც FCTC 2030 თამბაქოს კონტროლის პროექტისთვის შეირჩა.

პროექტისთვის დიდმა ბრიტანეთმა 15 მილიონი ფუნტი გამოყო.

კითხვაზე, რა პრინციპით შეირჩა ეს ქვეყნები და როგორ მოხვდა საქართველო მათ შორის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და თამბაქოს კანონმდებლობის გამკაცრების ლობისტი აკაკი ზოიძე გვპასუხობს, რომ ეს იმ ქვეყნების სიაა, რომლებმაც ან ცოტა ხნის წინ მიიღეს ან ახლა იღებენ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას.

"აქ არის სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ის ქვეყნები, რომლებსაც დემონსტრირება გააკეთეს იმ მიზნის, რასაც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მიღება ჰქვია," - ამბობს კაკი ზოიძე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თამბაქოს კონტროლის ოფიცერი კახა ღვინიანიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც ჰქონდათ პერსპექტივა, რომ თამბაქოს კონტროლის მიმართულებით პროგრესული ნაბიჯები გადაედგათ.

"ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს იმ დროს პრობლემა ჰქონდათ იმიტომ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ზოგიერთ შემთხვევაში გააფთრებული ბრძოლის გამო, რომელსაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფოებში სხვადასხვა სტრუქტურის მეშვეობით, თამბაქოს რეკლამირებისა და წახალისების მიმართულებით და იმ მიმართულებით, რომ არ დაუშვან ან მოახდინონ პრევენცია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვისა ქვეყანაში. ქვეყნებს სჭირდებათ ზოგჯერ დახმარება, განსაკუთრებით, ტექნიკური დახმარება," - ამბობს კახა ღვინიანიძე.  

გრანტის რაოდენობასთან დაკავშირებულ კითხვაზე კაკი ზოიძე გვპასუხობს, რომ გრანტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო და საქართველოს მთავრობას ამ თანხიდან არაფერი მიუღია.

კონკრეტულად რა რაოდენობით თანხას მიიღებს სახელმწიფო ორგანო ამ 15 მილიონი ფუნტიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ასახელებს.

ცენტრის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი ნუკა მაღლაკელიძე ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ფიქსირებული თანხა არ არის გამოყოფილი.

მაღლაკელიძის თქმით, ეს 15 მილიონი ფუნტი 15 ქვეყანაზე ისე არ გადანაწილდება, რომ თითოს ერთი მილიონი ფუნტი გადაეცეს.

"ეს რამდენიმეწლიანი პროექტია. ეს თანხა კი გამოყო დიდმა ბრიტანეთმა, მაგრამ შემდეგ ის ხვდება თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოში და ის ანაწილებს შემდეგ ამ 15 შერჩეულ ქვეყანაში. ეს ქვეყნები სამდივნოსთან ერთად თვითონ ადგენენ მომავალი წლის საჭიროებებს (რადგან ყველა ქვეყანა სხვადასხვა დონეზეა იმპლემენტაციის პროცესში და სხვადასხვა სტრატეგია აქვთ). აი, მომავალ წელს, მაგალითად, საქართველოს რა სჭირდება და რისი გაკეთება შეუძლია - არა მხოლოდ სჭირდება. ამ საჭიროებების მიხედვით იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ გათვლილი აქვთ წელზე, სხვადასხვა ქვეყანაზე ანაწილებენ. ანუ შეიძლება იყოს ისე, რომ ერთ წელს საქართველომ 100 000 მიიღოს, მეორე წელს 100 000-ზე მეტი, მაგრამ დაახლოებით, ასე ნაწილდება - საჭიროებებისა და გეგმის მიხედვით," - ამბობს მაღლაკელიძე.

კითხვაზე, როგორ შეირჩა ეს 15 ქვეყანა, მაღლაკელიძე გვპასუხობს, რომ შერჩევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა რეგიონის მიხედვით მოხდა. მისი თქმით, კრიტერიუმები იყო შემდეგნაირი, რომ ქვეყანა უკვე რაღაც დონეზე წინ უნდა ყოფილიყო წასული, პოლიტიკური ნება უნდა ყოფილიყო გამოხატული ძალიან კარგად და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე წინსვლა უნდა ჰქონოდა.

მაღლაკელიძის თქმით, ამ სელექციის შედეგად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეგიონი უნდა ყოფილიყო და მათ შორის ევროპის რეგიონიდან საქართველო შეირჩა.

"რაც ჩვენ ძალიან გვეამაყება" - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ტაბულას შეკითხვაზე, ნიშნავს, თუ არა ამ პროექტში მონაწილეობა იმას, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ ქართული კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება, მაღლაკელიძე გვპასუხობს, რომ "გამკაცრდეს საერთოდ არ არის კარგი სიტყვა".

მისი თქმით, კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოვდება თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მუხლებს.

"ჩვენ უკვე 2006 წელს მთლიანად ქვეყანამ გავაკეთეთ დეკლარირება, რომ კონვენციის ყველა მუხლი სრულყოფილად უნდა განვახორციელოთ. ასევე ანალოგიური ვალდებულება გვაქვს აღებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებითაც იმიტომ, რომ საქართველო, როგორც იცით მიისწრაფის ევროკავშირისკენ," - ამბობს მაღლაკელიძე.

თუმცა, იმ 14 ქვეყნიდან, რომელთა შორისაც საქართველო პროექტის მონაწილე გახდა, ევროკავშირის წევრი არცერთი არ არის.

კაბო ვერდეს, კამბოჯას, ჩადის, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ელ სალვადორის, იორდანიას, მადაგასკარის, მიანმარის, ნეპალის, სამოას, სიერა ლეონეს, შრი ლანკასა და ზამბიას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები 10-11 აპრილს თბილისში გამართულ თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულ ფორუმს დაესწრნენ, რომელიც პარლამენტის შენობაში ჩატარდა.

2-დღიან ფორუმზე კაბო ვერდეს, კამბოჯას, ჩადის, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ელ სალვადორის, იორდანიას, მადაგასკარის, მიანმარის, ნეპალის, სამოას, სიერა ლეონეს, შრი ლანკას, ზამბიისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

კომენტარები