ნოემბერში, ჟენევაში გაიმართა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენცია (COP11), რომელიც თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. სიგარეტის მოწევა გლობალურად ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - მილიარდზე მეტი ადამიანი მწეველია, ხოლო ყოველწლიურად თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებებით 8 მილიონი ადამიანი კვდება.
ამრიგად, მოწევის პრევალენტობის შემცირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციას (WHO FCTC) ლეგიტიმური მიზანი აქვს. თუმცა, ისმის კითხვა, რამდენად ეფექტიანია ის სისწრაფისა და შედეგების თვალსაზრისით?
ამ საკითხებზე ტაბულა World Vapers Alliance-ის ხელმძღვანელს, მაიკლ ლანდლს ესაუბრა.
- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია (FCTC), რომელიც 2005 წელს ამოქმედდა, თამბაქოს გლობალურ ეპიდემიაზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად. როგორ შეაფასებდით FCTC-ის პროგრესს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში და რამდენად ესადაგებოდა ჯანმოს ქმედებები მსოფლიოს გარშემო თითქმის მილიარდი მწეველის ჯანდაცვის ინტერესებს?
თუ რეალურ სამყაროში მიღებულ შედეგებს შევხედავთ, ვფიქრობ, უნდა დავასკვნათ, რომ წარუმატებლობაა. თავდაპირველ ხელშეკრულებას სამი საყრდენი აქვს: მიწოდების მხრივ ზომები, მოთხოვნის მხრივ ზომები და ზიანის შემცირების ღონისძიებები. თუმცა, სამწუხაროდ, რეალურად ჯანმო ზიანის შემცირების სტრატეგიას სრულად უგულებელყოფს. მათი რეკომენდაციები შეზღუდვებსა და აკრძალვებზე არის დაფუძნებული. მოწევის პრევალენტობის ეფექტიანად შესამცირებლად, ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა.
იმგვარი მიდგომა გვჭირდება, რომელიც ადამიანებს მოწევისთვის თავის დასანებებლად რაც შეიძლება მეტ ვარიანტს შესთავაზებს. ყველამ ვიცით, რომ მოწევისთვის თავის დანებება ძალიან რთულია და ხალხი განსხვავდება. შესაბამისად, მწეველებიც, ლოგიკურად, განსხვავდებიან და სხვადასხვა ადამიანებისთვის მოწევისთვის თავის დანებების სხვადასხვა მეთოდები მუშაობს. ამდენად, მათ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ. სამწუხაროდ, ჯანმო საპირისპიროს ცდილობს.
თუ შევხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, არამედ რეალურად სიგარეტის ალტერნატივებისთვის რისკზე დაფუძნებულ რეგულაციებს აწესებს, კერძოდ დღესდღეობით, ვეიფებისთვის, ნიკოტინის ბალიშებისთვის, გასახურებელი თამბაქოსთვის, ისინი მოწევის პრევალენტობას გაცილებით სწრაფად ამცირებენ, ვიდრე ქვეყნები, რომლებიც რეალურად მიყვება ჯანმოს რეკომენდაციებს. ამდენად, საჭიროებენ თავიანთი გეზის ცვლილებას, თუმცა, სამწუხაროდ, ამას რეალურად არ აკეთებენ.
- FCTC-ის მხარეების კონფერენციის (COP11) მიმდინარეობისას ახალი ზელანდიისა და მექსიკისთვის მინიჭებული სიმბოლური თუმცა, კონტრასტული ჯილდოები რამდენად ეხმიანება WHO FCTC-ის მიდგომას იმ სხვადასხვა სტრატეგიების მიმართ, რომელსაც ქვეყნები იყენებენ მოწევის პრევალენტობის შესამცირებლად?
ახალი ზელანდია თითქმის კვამლისგან თავისუფალი ქვეყანაა - მსოფლიოში მოწევის პრევალენტობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, რაც აღნიშვნას იმსახურებს. მათი მაგალითი უნდა გამოვიკვლიოთ და ვნახოთ, რას აკეთებენ იმ მხრივ პროგრესის მისაღწევად, რომელშიც მრავალი სხვა ქვეყანა სტაგნაციას განიცდის. ნაცვლად ამისა, ჯანმო მათ ადანაშაულებს და შერცხვენას ცდილობს, რადგან, მათი შეხედულებით, სწორ ღონისძიებებს არ იყენებენ. ეს აჩვენებს, რომ ჯანმოს რეალური მიზანი დაავიწყდა, რაც მოწევის პრევალენტობისა და მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირება უნდა იყოს. თუმცა, დღეს მათი ძალისხმევა უფრო მეტად აკრალვებისა და შეზღუდვებისკენ არის მიმართული, ხოლო ახალი ზელანდია ამის საპირისპიროს აკეთებს და მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაშიც იმარჯვებს. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნები, როგორიცაა ახალი ზელანდია, კვლავ განაგრძობენ არჩეულ გზაზე სვლას, ვინაიდან, ეს არის წარმატებული გზა. ასევე ვფიქრობ, რომ მეტმა ქვეყანამ უნდა შეხედოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეალურ წარმატებას მიაღწიეს - ახალ ზელანდიას, შვედეთს, იაპონიას - და მათგან მაგალითი აიღონ.
- მიუხედავად იმისა, რომ FCTC-ის პირველი მუხლი მოიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც „თამბაქოს კონტროლი“ გულისხმობს მიწოდების, მოთხოვნისა და ზიანის შემცირების სტრატეგიების ერთობლიობას, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, WHO FCTC-მ ბოლოს გამოქვეყნებული განცხადებით გააკრიტიკა ზიანის შემცირების მიდგომა და მას ინდუსტრიის ნაკარნახევი უწოდა. მეორე მხრივ, ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ აკრძალვაზე დაფუძნებულ რეგულაციებს ეყრდნობიან, მოწევის გავრცელების შემცირებაში სტაგნაცია განიცადეს. როგორ შეიძლება თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციის ახსნა საზოგადოებისთვის და რა პოტენციალი აქვს მას თამბაქოს კონტროლის მიზნების წინსვლისთვის?
- მსოფლიოს გარშემო კვლავ 1.2 მილიარდი მწეველია, ამიტომ ზოგადად გამოსწორების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი არსებობს, რადგან მათგან ნახევარი მოწევის გამო ნაადრევად გარდაიცვლება. უნდა შევხედოთ პროდუქტს, რომელიც მისი მომხმარებლების 50%-ს კლავს, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოწევის ტვირთის შესამცირებლად. დღესდღეობით სამეცნიერო მტკიცებულებები და პრაქტიკული გამოცდილება თვალნათლივ აჩვენებს, რომ ზიანის შემცირება და ნიკოტინის უკვამლო პროდუქტები მთლიან ამ ჩარჩოში როლს უნდა ასრულებდეს. არ ვამბობ, რომ ეს პანაცეაა და ყველა პრობლემას აღმოფხვრის, მაგრამ საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს. ეს რეალურ სამყაროშიც ვიხილეთ, სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს და მრავლდება. დებატი ნაკლებად შეეხება იმას, რომ პროდუქტები ნაკლებად მავნებელია, ვინაიდან ეს საკმაოდ ნათელია. ამდენად, საჯარო პოლიტიკა ამ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს - რისკზე დაფუძნებული რეგულაცია გულისხმობს, რომ პროდუქტების რეგულირება და დაბეგვრა რეალური რისკის მიხედვით უნდა ხდებოდეს. მოწევა, როგორც ნიკოტინის მოხმარების ყველაზე მავნე გზა, მეტი რეგულაციით და მეტი დაბეგვრით უნდა განიხილებოდეს, ხოლო სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივები, რისკის შესაბამისად, ნაკლებად უნდა დაიბეგროს. მოწევისთვის თავის დასანებებლად ადამიანებს რაც შეიძლება მეტი სტიმული უნდა შევთავაზოთ. ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან სწრაფი ცვლილება შესაძლებელია და ვინაიდან, სასწორზე ადამიანთა სიცოცხლე დევს, ვფიქრობ, რომ ჯანმომ დროულად უნდა გააცნობიეროს ეს. მაშინ როდესაც, რეალური გამოცდილების თვალნათელი შედეგები გვაქვს, რაღაცის შეთქმულების თეორიად დახატვა ვერ იქნება სწორი გზა და ვიმედოვნებ, ეს მალე შეიცვლება.
ზიანის შემცირების მიდგომის წარმატებას უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აჩვენებს, რისი უარყოფაც რაღაც მომენტში ჯანმო-სთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის შეუძლებელი გახდება. ამდენად, გრძელ ვადაში ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პროდუქტები რამდენიმე ათწლეულში მოწევას შეამცირებს.
- სიგარეტის ზიანზე დოკუმენტირებული დასკვნებისა და ნიკოტინის უკვამლო პროდუქტებზე მზარდი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რა კრიტერიუმები უნდა გამოიყენონ პოლიტიკის შემქმნელებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას?
- მათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკის ყველა სფეროს ეხება, ჯანდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. ჩვენ მხარს ვუჭერთ რისკზე დაფუძნებულ რეგულაციას, რაც ნიშნავს კონკრეტული პროდუქტის რეალური რისკების შესაბამისად რეგულირებას. მრავალი კატეგორიის პროდუქტისთვის ეს სრულად თვალნათელია: მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღისთვის დანებისგან განსხვავებული რეგულაცია გვაქვს. როდესაც საქმე ნიკოტინის მოხმარებას ეხება, იგივე უნდა ვქნათ - საკმაოდ ლოგიკურია, რომ მავნე და ნაკლებად მავნე ნიკოტინის მოხმარება დიფერენცირებულად უნდა დარეგულირდეს. ეს არ არის თეორია, რადგან ქვეყნების კარგი მაგალითები ხელმისაწვდომია და ორგანიზაციებმა ისინი უნდა გაითვალისწინონ.
- მითები გამოწვევაა არა მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიისთვის, არამედ მრავალი სხვა სექტორისთვისაც. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრიის შემთხვევაში ამას თან ერთვის შემზღუდავი რეგულაციებიც. ამის ფონზე, ქვეყნებში, სადაც ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია ისედაც შეზღუდულია, როგორ გგონიათ, რა გავლენა აქვს ამ შეზღუდვებს დეზინფორმაციის მასშტაბებზე და თამბაქოს ზიანის შემცირებაზე?
- ზოგადად, მცდარი ინფორმაცია დიდი პრობლემაა, რადგან მწეველზე რომ დავფიქრდეთ, თავის დანებების ორი სტიმული აქვს - ჯანმრთელობის გამო, რათა ზიანი შეამციროს ან ფინანსური მიზეზებით, რათა ამ პროდუქტებზე ნაკლები თანხა დახარჯოს. ვფიქრობ, თუ მწეველი არასწორად მიიჩნევს, რომ ვეიფის მოხმარება იმდენადვე მავნებელია, რამდენადაც მოწევა ან კიდევ უფრო მავნებელიც, მაშინ მოწევისთვის თავის დანებების ერთ-ერთი სტიმული სუსტდება. მრავალი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ მწეველთა უმრავლესობა არ არის ინფორმირებული. ვხედავთ, რომ 70%-იდან 90%-მდე მწეველს არასწორად ჰგონია, რომ ვეიფის მოხმარება იმდენადვე მავნებელია, როგორც მოწევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოწევას თავს არ ანებებენ და ეს ცუდია, როგორც მათი ჯანმრთელობისთვის, ისევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ამ მხრივ პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები დიდ როლს ასრულებენ, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც უწყებები მწეველებს რეალური რისკების შესახებ ინფორმაციას სათანადოდ აწვდიან, ვხედავთ, რომ მწეველები მოწევას თავს ანებებენ და ნაკლებად მავნებელ ალტერნატივებზე გადადიან.
ამას ვხედავთ გაერთიანებულ სამეფოში, ახალ ზელანდიაში. ამდენად, სწორი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის და განსაკუთრებით თამბაქოს კონტროლისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოწევისა და ვეიფის მოხმარების თანაბარი რეგულირება მწეველებს აწვდის არასწორ მესიჯს, რომ ეს პროდუქტები თანაბრად მავნებელია. ამდენად, რეგულირების პერსპექტივიდან განსხვავების საჩვენებლად რისკზე დაფუძნებული მიდგომა მნიშვნელოვანია.




