ნოემბერში, ჟენევაში გაიმართა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენცია (COP11), რომელიც თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. სიგარეტის მოწევა გლობალურად ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - მილიარდზე მეტი ადამიანი მწეველია, ხოლო ყოველწლიურად თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებებით 8 მილიონი ადამიანი კვდება.
ამრიგად, მოწევის პრევალენტობის შემცირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციას (WHO FCTC) ლეგიტიმური მიზანი აქვს. თუმცა, ისმის კითხვა, რამდენად ეფექტიანია ის სისწრაფისა და შედეგების თვალსაზრისით?
ამ საკითხებთან დაკავშირებით ტაბულა მედიცინის დოქტორს, პატრასა და დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტების გარე ასოცირებულ მკვლევარს, კონსტანტინოს ფარსალინოსს ესაუბრა.
- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მანდატით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ათწლეულებია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. რაც შეეხება FCTC-ის მხარეების კონფერენციის ბოლო შეხვედრას, რომელიც ჟენევაში 17-22 ნოემბერს ჩატარდა (COP11), რა იყო მისი მთავარი პრიორიტეტები და როგორ ასახავს იგი ჯანმო-ს მიერ გლობალური თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით დიდი ხნის ნაკისრ ვალდებულებებს?
- FCTC-ის MPOWER-ის ზომები მოწევასთან მიმართებით გასათვალისწინებელია. პრობლემა, რომელსაც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში WHO FCTC-სთან ვაწყდებით, ის არის, რომ ზიანის შემცირების პროდუქტებთან მიმართებითაც იმავე ზომების გამოყენება სურთ, რაც აბსურდია. FCTC-ის პრობლემა ისაა, რომ ზიანის შემცირების პროდუქტებს სიგარეტის მსგავსად ეპყრობიან, მაშინ, როდესაც ათასობით კვლევა არსებობს, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს.
ამდენად, აზრს მოკლებულია, რომ იგივენაირად მოეპყრო მოწევასა და იმ სტრატეგიას, რომელიც ქვეყნებს მოწევის შემცირებაში ეხმარება. სამწუხაროდ, WHO FCTC მოწევის საწინააღმდეგო ორგანიზაციიდან ნიკოტინის მოწინააღმდეგე ორგანიზაციად გარდაიქმნა. ისინი მოწევასთან ბრძოლის ნაცვლად ნიკოტინის წინააღმდეგ ომში ჩაერთნენ, მაშინ როდესაც გლობალურად მილიარდზე მეტი მწეველია და ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი კვდება მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით - და, არა ნიკოტინის მოხმარების გამო.
ამდენად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას მოწევა წარმოადგენს, ხოლო ზიანის შემცირების ალტერნატიული ნიკოტინის პროდუქტები, მწეველებს მოწევისთვის თავის დანებებაში ეხმარება და, შესაბამისად, მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ FCTC მოწევაზე მეტად ალტერნატიულ პროდუქტებზე არის კონცენტრირებული, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან პარადოქსია.
ჯანმო ქვეყნებს სთავაზობს, რომ ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების გაყიდვა აკრძალოს, მაშინ როდესაც იმავე ქვეყნებში სიგარეტი ლეგალურად იყიდება. ახლა, მითხარით, როგორ შეიძლება აიხსნას საღი აზრის გადმოსახედიდან, რომ მომაკვდინებელი ნიკოტინის შემცველი პროდუქტი ლეგალურად იყიდება, ხოლო დაბალი რისკის ნიკოტინის პროდუქტები არალეგალურია? ეს აბსურდია.
- საყურადღებოა, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP11) ფარგლებში რამდენიმე ქვეყანამ გააჟღერა ზიანის შემცირების მიდგომა. რას გულისხმობს ზიანის შემცირება პოლიტიკის თვალსაზრისით და რით განსხვავდება იგი თამბაქოს კონტროლის ტრადიციული სტრატეგიებისგან?
- ვფიქრობ, ახლა მრავალი ქვეყანა ხედავს, რომ WHO FCTC-ის მიდგომა მტკიცებულებებზე დაფუძნებული არ არის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების განხილვა მტკიცებულებების მოხმობას მოითხოვს. დიალოგს ვერ დააფუძნებ იდეოლოგიასა და მორალურ საკითხებს, მაგალითად, ისეთს როგორიცაა - არ გვსურს, რომ ადამიანებმა ნიკოტინი მოიხმარონ. პრობლემა ქცევა კი არ არის, არამედ დაავადება და სიკვდილია. ამიტომ, უნდა შეხედოთ იმას, თუ რა იწვევს დაავადებასა და სიკვდილს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა ყურადღებას მხოლოდ ამაზე უნდა ამახვილებდეს. [...] მაგალითად, გაგიგიათ, რომ კოფეინის ზიანს განიხილავდნენ? კოფეინი დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ რადგან დაავადებასა და სიკვდილს არ იწვევს, კოფეინზე დამოკიდებულების შესახებ არავინ საუბრობს და არ არსებობს არანაირი FCTC კოფეინისთვის, იმიტომ, რომ მილიარდობით ადამიანს ყავა ყოველდღე სჭირდება. ამდენად, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში პრობლემა დაავადება და სიკვდილია. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რომელი ნიკოტინის პროდუქტები იწვევს დაავადებასა და სიკვდილს. ასეთია მოწევა და ზოგიერთი ორალური მოხმარების უკვამლო თამბაქოს პროდუქტები სახმრეთაღმოსავლეთ აზიაში (და, არა სნუსი ან სხვა პროდუქტები, რომლებსაც სკანდინავიაში და აშშ-ში მოიხმარენ). შესაბამისად, ჯანმო ყურადღებას ამას უნდა უთმობდეს.
საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხედავს, რომ ეს პარადოქსულად გამოიყურება და მეტ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დისკუსიასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს ითხოვენ.
- WHO FCTC თამბაქოს კონტროლის სტრატეგიებსა და რეკომენდაციებში მხარს უჭერს ზიანის აღმოფხვრას. არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივები, სადაც ზიანის სრულად აღმოფხვრა შესაძლებელია? რა წინაღობები ხდის მოწევასთნ დაკავშირებული დაავადებების კონტექსტში ზიანის აღმოფხვრას არარეალისტურს?
ზიანის აღმოფხვრა ძალიან სასიამოვნო თეორიული დისკუსიაა, რომელიც რეალობაში არასდროს შესრულებულა და არასდროს შესრულდება. ეს არარეალისტური მიზანია. მე არ ვარ ამ მიზნის დასახვის წინააღმდეგი. თუმცა, არ ვეთანხმები ზიანის აღმოფხვრაზე ფოკუსს, ზიანის შემცირების გათვალისწინების გარეშე გლობალურად მილირდზე მეტი მწეველისთვის. არარეალისტური მიზნის მისაღწევად მწეველებს ზიანის შემცირების რეალურ შესაძლებლობას ვართმევთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაზიანებაა.
- არის თუ არა არსებული ხელმისაწვდომი სამეცნიერო მტკიცებულებები საკმარისად ნათელი გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, რათა თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიები შექმნან და თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებთან მიმართებით რისკის პროპორციულობაზე დაფუძნებული მიდგომა გამოიყენონ?
სიცხადის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ არ დაგვჭირდებოდა მეცნიერება და გავაჩერებდით კვლევების ჩატარებას. ბოლომდე დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებით. თუმცა, გადაწყვეტილებები ამჟამად ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს ეფუძნება და როდესაც ვამბობთ ამჟამად არსებულს, ყოველთვის არსებული მტკიცებულებების მთლიანობას ვუყურებთ.
დღეს საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს ზიანის შემცირების მიდგომის მტკიცედ მხარდასაჭერად. გვაქვს ისეთი ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც ზიანის შემცირებას დაუჭირეს მხარი და ვიხილეთ შედეგებიც. ახალმა ზელანდიამ, რომელიც ზიანის შემცირებას უჭერს მხარს, მოწევის პრევალენტობა რამდენიმე წელში დიდწილად შეამცირა, თითქმის გაანახევრა. წარმატებული მაგალითებია გაერთიანებული სამეფო და შვედეთი. საპირისპიროდ, ვხედავთ ქვეყნებს, რომლებმაც ზიანის შემცირების პროდუქტებზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს და ისინი მოწევის პრევალენტობის სტაგნაციას ან ზრდას განიცდიან.
შესაბამისად, არსებული მტკიცებულებები საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში ზიანის შემცირებას დაუჭერს მხარს.
- სოციალური მედიის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, მითებისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელება დიდ გამოწვევად იქცა. სკეპტიციზმი განსაკუთრებით არსებობს ტექნოლოგიური ინოვაციების სხვადასხვა სექტორში. დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოწვევა ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების კონტექსტში და რამდენად აქვს ამას გავლენა თამბაქოსთან დაკავშირებული ზიანის შემცირების ძალისხმევაზე?
ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც გადავწყვიტე რამდენიმე თვის უკან ყველა სოციალურ ქსელში (Instagram, TikTok, YouTube, Facebook) ჩემი სოციალური მედიის არხი შემექმნა და სამეცნიერო არგუმენტებით იმ მითებისთვის მეპასუხა, რომლებიც სოციალურ მედიაში ფართოდ არის გავრცელებული.
ძალიან რთულია, ზიანის შესახებ ადამიანების დარწმუნება, რადგან ფსიქოლოგია ასე მუშაობს. სოციალურ მედიაში მეცნიერული საფუძვლების გარეშე, იმდენად ბევრი ადამიანი აღწერს გამუდმებით იგივე მითებს, რომ ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საზოგადოება, რომელიც ზიანის შემცირებას უჭერს მხარს, სოციალურ მედიაში საკმარისად არ არის წარმოდგენილი.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ზიანის შემცირებას უჭერენ მხარს, სოციალურ მედიაში მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი - სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების გამოყენებით, რომელიც მარტივი ენით იქნება გადმოცემული იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც საკითხის ექსპერტები არ არიან. [...] ამდენად, მითებს კონკურენცია სანდოობაზე დაყრდნობით უნდა გაუწიო. ჩემი აზრით, ასე უნდა მიაწვდინო სწორი ინფორმაცია მომხმარებლებს, კერძოდ მწეველებს. [...]
2017 წელს საბერძნეთში ჩავატარე კვლევა და მწეველებს ვკითხე, რას ფიქრობენ, რა არის ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებული რისკი მოწევასთან შედარებით? მწეველების მხოლოდ 5%-მა უპასუხა სწორად, რომ ელექტრონული სიგარეტები მოწევასთან შედარებით გაცილებით ნაკლებად მავნებელია, ხოლო 35%-ზე მეტმა თქვა, რომ ელექტრონული სიგარეტები თანაბრად ან უფრო მავნებელია, ვიდრე მოწევა. [...]
არასწორი წარმოდგენები ფართოდ არის გავრცელებული იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს ოფიციალურად უჭერს მხარს. მაგალითისთვის, უახლესი კვლევით, გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ზიანის შემცირებაში ელექტრონული სიგარეტის როლს აღიარებს, საზოგადოების 53% ფიქრობს, რომ ელექტრონული სიგარეტები თანაბრად ან უფრო მავნებელია, ვიდრე მოწევა. ამგვარად, არასწორი წარმოდგენების გავრცელების დონე უზარმაზარია.




