სოციალური მუშაკები გაფიცვას აანონსებენ.
იმ შემთხვევაში, თუ იმ მოთხოვნების შესრულება არ დაიწყება, რომლებიც სოციალური მომსახურების სისტემაში ძირეული ცვლილებების გატარებას ემსახურება, სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცებიან.
მათ ფეისბუქზე კამპანიაც დაიწყეს - ისინი ყვებიან, რატომ გეგმავენ გაფიცვას:
სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკები თამარ ვეზდენი და მარიკა კვიციანი
მაია აბულაძე, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი
ზოია შეხოვცევა, გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი
თამარ კვიტაიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი
მზევინარ ღაჭავა- იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი
თაკო ღარიბაძე, გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი
სოციალურმა მუშაკებმა პროტესტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს.
მიზეზი მრავალია:
თვეში დაკისრებული ათობით ახალი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი, ბენეფიციარების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სერვისები (თავშესაფრების, ფსიქოლოგის, მიმღები ოჯახების და სხვა) არარსებობა ან სიმწირე, რის გამოც მრავალი მნიშვნელოვანი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება, ასევე, მათზე დაკისრებული ბევრი უფლება-მოვალეობა, რომლებიც სოციალური მუშაკების კომპეტენციას სცდება.
როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, ბენეფიციარების დახმარებას ხშირად სახელმწიფო სისტემის მიღმა, თავიანთი პირადი კონტაქტების, ფინანსური და სხვა რესურსის ხარჯზე, უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებენ.
სოციალურმა მუშაკების მოთხოვნათა ნაწილი:
- გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა ყველა სერვის ცენტრში, რომ თითო სოციალურ მუშაკს თვეში მაქსიმუმ 50 საქმე დაეწეროს;
- გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა;
- გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა;
- თითოეულ სოციალურ მუშაკს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და დოკუმენტების შესანახი დახურული სივრცე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით;
- თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
- ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
- სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილები იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.
სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებისგან, ექსპერტებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება შემდგარი და რომელიც გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავს.
სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შეხვდნენ, თუმცა, მათი თქმით, დავით სერგეენკოსგან მხოლოდ ზოგადი კომენტარები მოისმინეს. სოციალური მუშაკების თქმით, მინისტრის პასუხები გაუაზრებელი და რეალობას აცდენილი იყო. უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთანაც.
სოციალური მუშაკების ნაწილმა, სერვისების არარსებობის და ბენეფიციარების ვერდახმარების სამსახურიც დატოვა. თუმცა, სამინისტრომ, ცვლილებების ნაცვლად სოციალური მუშაკების პოზიციაზე 30 ახალი ვაკანსია გამოაცხადა, უცვლელი, დატვირთული უფლება-მოვალეობებით.
ვრცლად სოციალური მომსახურების სააგენტოში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ წაიკითხეთ აქ.