ვენესუელა

რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა აშშ-ს ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ

ნიკოლას მადურო / ხუან გუიაიდო
The Week

რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ და აშშ-ს ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი მსგავს ჩარევას "ვენესუელაში ძალაუფლების უზურპაციისათვის არალეგალურად და საერთაშორის კანონების დარღვევად" მიიჩნევს.

"თურქეთი შენს გვერდითაა" უთხრა მადუროს სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

აშშ-მა ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო გუშინ აღიარა. ერთი კვირის წინ გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა ბრაზილიამაც. აშშ-ის მსგავსაც ოპოზიციის ლიდერი აღიარა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, კოსტა რიკამ, არგენტინამ, პერუმ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, ჩილემ, ესპანეთმა და საქართველომაც.

საპასუხოდ მადურომ ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა, ხოლო თავად საკუთარი დიპლომატები აშშ-დან გამოიწვია და საელჩო და საკონსულოები დახურა. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებმა.

ვენესუელას შეიარაღებული ძალები მხარს მადუროს უჭერენ და ოპოზიციას მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში ნიკოლას მადურომ ვენესუელას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 67,7% დააგროვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. მიმდინარე კვირას მის ინაუგურაციას ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვიც დაესწრნენ.

თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 46%-მა მიიღო, ხოლო ოპოზიცია მადუროს არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მათმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას კურდღლების ყოლისკენაც კი მოუწოდა, რადგანაც, "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან", მათი ხორცის მიღება კი იაფი ჯდება. სახელმწიფომ მოსახლეობას "საჯიშე" კურდღლები უსასყიდლოდ გადასცა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები