უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა

Murad Sezer / REUTERS

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 

ხელმოწერილი სიგელი ხვალ, 6 იანვარს საღვთო ლიტურგიის შემდეგ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს გადაეცემა. 

ტომოსზე ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც სტამბოლში გაიმართა, უკრაინის სასულიერო დელეგაციასთან ერთად პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკოც დაესწრო. 

ავტოკეფალიის ტომოსზე ხელის მოწერამდე წმ. გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ის მიტროპოლიტ ეპიფანესა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტომოსზე ხელის მოწერის ცერემონია, რომლის შედეგადაც უკრაინის ეკლესია მე-15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია გახდა. 

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მთავრად 15 დეკემბერს აირჩიეს. 

შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქო წმიდა სინოდის სხდომაზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა, დაუჭერდა თუ არა მხარს უკრაინის ავტოკეფალიას. სხდომის დასრულების შემდეგ კი, მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ წმიდა სინოდი უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის შემდეგ კიდევ ერთხელ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს. 

კომენტარები