ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტს, რომელსაც ვადა 12 დღეში გასდის, ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს

ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, რაკელ დოდჯმა მოქმედი, პრეზიდენტს, მიშელ ტემერს, ბრალი წარუდგინა. ტემერს, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 2019 წლის 1 იანვარს გადის, კორუფციასა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

კერძოდ კი, მას ბრალად ედება საპორტო ოპერატორებისგან ქრთამის აღება. გამოძიების თანახმად, ირკვევა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლოჯისტიკური კომპანიის Rodrimar-ის სასარგებლოდ კანონი მიიღო. ეს კომპანია ლათინური ამერიკის ყველაზე დიდ პორტში "სანტუსში" მუშაობს. გამოძიების თანახმად, კომპანიამ კანონის შეცვლის სანაცვლოდ, ბრაზილიის პრეზიდენტს $8.3 მილიონი გადაუხადა, რომელიც ტემერის მეგობრების კომპანიის წყალობით გადაურიცხა.

პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.

როგორც ბრაზილიური გამოცემა Globo წერს, იმისათვის, რომ პრეზიდენტის მიმართ დევნა დაიწყოს, მოქმედი პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ბრაზილიის ეროვნულმა კონგრესმა უნდა გაიზიაროს, თუმცა მიშელ ტემერს ვადა 2019 წლის 1 იანვარს გასდის, რის შემდეგაც, პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.

ე.წ "პორტის საქმის" გამოძიება, რომლის გმირიც ტემერი გახდა, 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტემერს კორუფციაში ადანაშაულებენ, თუმცა პირველი ორი ბრალდება ეროვნულმა კონგრესმა არ გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ასევე კორუფციის ბრალდებით 12-წლიან სასჯელს იხდის.

კომენტარები