ზაზა სარალიძე

სარალიძე: წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო. ამის მიზეზი შსს-ს წარმომადგენლების შუამდგომლობა გახდა, მათ თქვეს, რომ დოკუმენტაციის მომზადება ვერ მოასწრეს. 

პროცესის გადადებამდე ზაზა სარალიძემ მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მას კარვების დადგმის უფლება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ამის შესაძლებლობა მიეცემა. 

"ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?!" - თქვა სარალიძემ.

შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა შეიტანეს. ისინი რუსთაველზე, პარლამენტის ძველი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის განთავსების შეზღუდვაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზა სარალიძე რმდენიმე დღის წინ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, “რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.”

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები