ზაზა სარალიძე

სარალიძე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროკურორები თადუმაძეს სწორ ინფორმაციას არ აწვდიან

მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესა და ზაზა სარალიძეს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.

სარალიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ აღნიშნა, რომ მან გენერალურ პროკურორს გაუზიარა ის პრეტენზიები, რომლებიც მას საკუთარი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით აქვს.

მისივე ცნობით, შალვა თადუმაძე არ აღმოჩნდა აღნიშნულ საქმეში ბოლომდე ინფორმირებული. სარალიძის შეფასებით, ამ საქმის პროკურორები თადუმაძეს არ აწვდიან სწორ ინფორმაციას.

"სიმართლე გითხრათ, მე შთაბჭდილება დამრჩა ისეთი, რაც ვუთხარი ბატონ თადუმაძესაც, რომ ის პროკურორები, რომლებიც წარმათავენ ჩემი შვილის საქმეს, ან ჩემს საქმეს, არ აწვდიან სწორ ინფორმაციას. ისინი პირადად ჩემზე აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თუნდაც სააპელაციო სასამართლოში, რაც მოხდა გუშინწინ, ამ საკითხთან დაკავშირებით დავუსვი კითხვა, მაგრამ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდა. ეს ხდება ზუსტად იმ პროკურორებისგან, რომლებიც თავიდან იყვნენ ჩართულნი ამ საქმის გაყალბებაში.", - ამბობს ზაზა სარალიძე.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა შალვა თადუმაძესა და თავად საქმის პროკურორებთან სამშაბათს, 12 თებერვალსაა დაგეგმილი.

"კონკრეტულად ჯერჯერობით ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე. ბატონ თადუმაძეს რა პრეტენზიებიც წავუყენე ამას ღიად არ დავასახელებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი შეისწავლის თავად იმ დეტალებს, რა დეტალებზეც მქონდა პრეტენზია და მომავალ სამშაბათს შევიკრიბებით და იმ პროკურორებსაც დავუსმან იგივე შეკითხვას"

ზაზა სარალიძის ადვოკატის ცნობით, მათ გენერალურ პროკურორთან გამოხატეს საკუთარი პოზიცია კომუნიკაციის ნაკლებობასთან დაკავშირებითაც, - "ბევრი თვეა გასული რომ ჩვენთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ შემდგარა, არ შეგვხვდა არც ერთი საქმის პროკურორი და არ ჩაგვაყენა საქმის კურსში, სააპელაციო სასამართლო მიმდინარეობს ისე, რომ მოწმეები იკითხებიან და ჩვენთვის არც არავის განუმარტავს რომელი მოწმეა, ან რა ინფორმაციას იძლევა."

კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა დეტალები არ იყო ცნობილი მთავარი პროკურორისთვის, ადვოკატმა აღნიშნა, რომ იგი თავს შეიკავებს ასეთ დეტალებზე საუბრისგან, თუმცა მან აქვე დაადასტურა, რომ ეს ეხებოდა ერთ-ერთ დაკითხულ მოწმეს, რომელზეც მათ ჰქონდათ გარკევული კითხვები პროკუროთან.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე დღეს დილიდან პროკურატურის ეზოსთან იმყოფებოდა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მან პროკურატურის ეზოში შესლა სცადა, საიდანაც იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რა დროსაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

სარალიძე შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

16 წლის მოზარდი 2017 წლისს 1-ლ დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა. 

კომისიის დასკვნის შესახებ წაიკითხეთ აქ.  

კომენტარები