ზაზა სარალიძე

"კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე",- სარალიძისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა დასრულდა

ანა კორკელია

ზაზა სარალიძისა და მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ხორავას ქუჩის საქმის პროკურორებიც ესწრებოდნენ. 

სარალიძის თქმით, კითხვებზე, რომელიც გენერალურ პროკურორს დაუსვა, პასუხები ვერ მიიღო.  

"ძალიან ბევრი კითხვები იქნა დასმული, რომლებზეც ფაქტია, პასუხი ვერ მივიღე. იქიდან გამომდინარე, რომ ვადასტურებ ისევ და ისევ იმას, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ ბატონ გენ პროკურორამდე. იქ ესწრებოდნენ საქმის პროკურორები, რომლებსაც გარკვეული კითხვები დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, იმაზეც ვერ მივიღე პასუხები. არაფერი არ არის ფაქტიურად შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ, მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან",- ამბობს სარალიძე. 

მისივე თქმით, ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული არ იქნება.

"არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეში მონაწილე პირები არამედ ისინი, ვინც უხეშად ჩაერია ამ საქმეში, მივიღე პირობა, რომ დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა, ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ უმოკლეს ხანში",- აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოსთან იმყოფებოდა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მან პროკურატურის ეზოში შესლა სცადა, საიდანაც იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რა დროსაც მან თვითდაზიანებებიც მიიყენა.

სარალიძე შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

16 წლის მოზარდი 2017 წლისს 1-ლ დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა. 

კომისიის დასკვნის შესახებ წაიკითხეთ აქ.  

კომენტარები