დონალდ ტრამპი

ტრამპი მიგრანტთა აშშ-ში დაბადებული ბავშვებისათვის მოქალაქეობის მინიჭებას გააუქმებს

AP

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომლითაც აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭებათ. ბრძანება მოქალაქეობის არმქონე და არალეგალ მიგრანტთა შვილებს ეხება.

"ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ადამიანი მოდის, ბავშვს აჩენს და ბავშვი აშშ-ის მოქალაქე ხდება... ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ამის შესაწყვეტად საკონსტიტუციო ცვლილება იყო საჭირო. მაგრამ ნახეთ, ეს არაა საჭირო." თქვა ტრამპმა Axios-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე 5,200 სამხედროს გზავნის. გადაწყვეტილების მიზეზი მიგრანტების ქარავანია, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან მექსიკის გავლით მოემართება. მათთან ერთად სასაზღვრო დაცვას იარაღს, ვერტმფრენებს, ბარიერებს და მავთულხლართებს გაუგზავნიან. მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ საზღვარზე უკვე მობილიზებულია 2,100 ეროვნული გვარდიის წევრი.

მიგრანტების ქარავანს ამჟამად აშშ-ს საზღვრიდან 1,600 კილომეტრი აშორებს. სხვადასხვა ცნობებით მიგრანტების რაოდენობა 5-დან 7 ათასამდეა.

კომენტარები