არჩევნები 2018

მეზვრიშვილი: ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს პოლიცია გადაამოწმებს

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, გამოვლინდა სამართალდარღვევის 29 ფაქტი. გადამოწმების შემდეგ 15 ფაქტი არ დადასტურდა, ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

7 საქმეზე, რომლებზეც განმცხადებლები ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე მიუთითებდნენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით დაიწყო (გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.)

მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი წევრი და ქართული ოცნების ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"29 ფაქტიდან დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი, სხვადასხვა სარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე.

გვსურს ასევე გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნებზე მოძრაობის შესახებ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა.

რაც შეეხება, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას." - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უბანზე ყველაზე ხშირად ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა გამოვლინდა.  

  • ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2, #5, #29 და #31 საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც შენობის შიგნით სადაც უბნებია განთავსებული, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც შედგენილი სიებით ამოწმებენ ამომრჩეველთა გამოცხადებას არჩევნებზე. ერთ-ერთ უბანზე იმყოფებოდნენ ასევე საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. 
  • კვლავ გრძელდება პარტიის აქტივისტების/წარმომადგენლების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მსგავსი ფაქტები გამოვლინდა #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #3 და #5 საარჩევნო უბნებზე; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევო უბანზე; 
  • #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #4 და #5 საარჩევნო უბნების და #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #29 უბნის მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს. 
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ნახევარ საათიანი ინტერვალით მოჰყავდათ ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით, რაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. 
  • დედოფლისწყაროს #14 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის წინ დგას სამი ქალი რვეულებით და სიებით. დამკვირვებლის კითხვაზე, რომელ სუბიექტს წარმოადგენენ ერთ-ერთმა უპასუხა, რომ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის შტაბს. ისინი მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ.
  • საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #9 უბანზე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს დაურეკა სავარაუდოდ გარეთ მდგომმა კოორდინატორმა და უთხრა, რომ უბანზე ამ დროისთვის სულ მოსულია 90 ამომრჩეველი და აქედან "მათი" არის 70. ასევე გამოთქვა წუხილი დაბალი აქტივობის გამო.
  • ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #48, #77, #78 და #26 საარჩევნო უბნების და ზესტაფონის #51 საარჩევნო ოლქის #47 უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია ხალხი, რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან როგორც პარტია „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. 
  • ასევე, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #31, #81, #66, #23, #48 უბნებზე დაფიქსირდა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად დგანან და ონლაინ აპლიკაციით ამომრჩეველთა ბაზაში ამოწმებენ მისულ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები