იტალია

კონტე: ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები უნდა დასრულდეს

ჯუზეპე კონტე და ვლადიმირ პუტინი
Reuters

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები უნდა დასრულდეს.

"იტალიისათვის სანქციები არასოდეს არაა მიზანი, ისინი ინსტრუმენტია, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დავძლიოთ...იტალიას სურს ევროპული ქვეყნები დაარწმუნოს, რომ ერთადერთი გზა წინ არის დიალოგის გზა." თქვა კონტემ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კონტეს არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა იტალია ვეტო დაადოს რუსეთისათვის სანქციების გახანგრძლივებას. 2014 წელს ყირიმის ანექსიისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქიების გახანგრძლივება ბრიუსელში იანვარში უნდა განიხილონ.

მიმდინარე თვეს რუსეთში ვიზიტამდე იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ულტრა-მემარჯვენე პარტიის "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა, მატეო სალვინიმ თქვა, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია და ბევრ ბიზნესმენს უკითხავს მისთვის როდის მოხსნიდნენ სანქციებს, რადგან ეს იტალიურ კომპანიებს აზარალებს.

იტალიის ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრი ორივე პარტია, "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რუსეთთან დაახლოების და სანქციების გადახედვის მომხრეა.

კომენტარები