აშშ-თურქეთი

ამერიკელი პასტორი თავისუფალია, რა შეიცვლება აშშ-თურქეთის ურთიერთობაში?

პარასკევს, 12 ოქტომბერს ანკარაში გამართული სასამართლო მოსმენის შემდეგ ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი ორწლიანი პატიმრობიდან გათავიუსუფლდა.

50 წლის პასტორი, რომელიც 20 წელზე მეტია, თურქეთში ცხოვრობს, 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ ათასობით დაკავებულს შორის მოხვდა. მას ბრალად ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობა და თურქეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებებად მიჩნეულ გიულენის მოძრაობასა და ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში ედებოდა. ბრანსონი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ყველა ბრალდებას უარყოფდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ენდრიუ ბრანსონი
ფოტო: AP

პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ თურქეთი ამერიკაში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის, ექსტრადირებას ითხოვდა. იგი თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად სახელდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გიულენის მოტაცების მცდელობის შესახებ. თურქეთში უარყვეს ბრალდება, რომ მათ 15 მილიონი დოლარი გადაუხადეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ფლინს, გიულენის გადმოცემისთვის.

უკანასკნელ წლებში ერდოღანის მთავრობა ყველა ხერხით ებრძვის გიულენსა და მის გავლენას. ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, თურქეთი სხვა 20-მდე სახელმწიფოსაც სთხოვდა გიულენის საგანმანათლებლო დაწესებულებების: სკოლებისა თუ უნივერსიტეტების დახურვასა და იქ მომუშავე თურქი პერსონალის ექსტრადაციას. საქართველოში ამის ცხადი გამოვლინება იყო, მაგალითად, 2017 წელს დემირელის კერძო სკოლის დახურვა და 2018 წელს შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის შექმნილი პრობლემები. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საქართველოშიც ვერ ამბობენ უარს ერდოღანის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე.

ფეტულა გიულენი
ფოტო: Reuters

ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ს ეკონომიკური წნეხი უნდა შეემსუბუქებინა.

ეკონომიკური სანქციები ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ აგვისტოში აამოქმედა, მას შემდეგ, რაც ანკარასთან ბრანსონის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდა. ტრამპმა საჯაროდაც მიმართა ერდოღანს და მოუწოდა ზემოთ ხსენებული ნაბიჯის გადადგმისკენ.

თუმცა ერდოღანის საჯარო განცხადებების მიხედვით, პასტორის საქმე მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტი იყო და მას არ შეეძლო პოლიტიკური ზემოქმედება.

პირველი სანქციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში კი ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ თურქეთიდან რკინისა და ალუმინის იმპორტზე სანქციების გაორმაგებას აპირებდა.

თურქეთის მხარე დაჟინებით უარყოფდა ეკონომიკური წნეხის გავლენას პასტორის საქმის მიმდინარეობაზე. თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, ფაჰრეტინ ალტუნმა განაცხადა: „თურქეთის რესპუბლიკა არავისგან არ იღებს მითითებებს, ჩვენ თავადვე ვქმნით კანონებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენივე ნების მიხედვით.“

მიუხედავად ასეთი პრინციპული განცხადებებისა, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ წლის დასაწყისიდან ლირა დოლართან მიმართებით 40%-ით გაუფასურდა, თურქული ბაზარი კი ადრეული 2000-იანების შემდეგ არნახულმა ინფლაციამ წალეკა, ერდოღანი, სავარაუდოდ, შეეცდებოდა, ეკონომიკური რეფორმატორის სახელი არ შეებღალა და გონივრული ნაბიჯი გადაედგა.

პასტორის პროცესი აშშ-სა და თურქეთს შორის არსებული არასახარბიელო დიპლომატიური ურთიერთობების ერთგვარი გარეგანი გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ჩართულობა, ბევრი იწერება მედიაშიც, ნამდვილად არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ აშშ-სა და თურქეთის დიპლომატიური კრიზისის მთავარი მიზეზი სწორედ ეს საქმეა და ბოლო გადაწყვეტილებაც რამეს მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისკენ.

სანამ პრობლემის უფრო ღრმა შრეების აღწერას შევეცდები, სასურველია, მოკლედ შევაჯამოთ თურქეთში არსებული ვითარება აწ უკვე პრეზიდენტის, ფაქტობრივად, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის, ერდოღანის მოსვლიდან დღემდე.

ერდოღანის პოლიტიკა

2018 წლის 18 აპრილს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც დამაჯერებელი უპირატესობით (გამარჯვებულსა და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის 22%-იანი სხვაობა იყო) გაიმარჯვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და 10 წლიანი პრემიერმინისტრობის შემდეგ, თავის ავტორიტარულ ზრახვებზე მორგებული კონსტიტუციის წყალობით, ფაქტობრივად, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ერდოღანის დამოკიდებულებას დემოკრატიის მიმართ კარგად გამოხატავს მის მიერ კარიერის ადრეულ წლებში ნათქვამი ფრაზა: „დემოკრატია მხოლოდ ის მატარებელია, რომელსაც მაშინვე დავტოვებთ, როგორც კი დანიშნულების წერტილს მივაღწევთ.“ იგი არც ისლამისტურ დისკურსს ემიჯნებოდა: „მეჩეთები ჩვენი ყაზარმებია, მინარეთები - ჩვენი ხიშტები.“ ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს, მას შემდეგ, რაც რადიკალურად ანტისეკულარისტული განცხადებების გამო (მათ შორის ზემოთ მოყვანილი ლექსის ციტირებისთვის) რამდენიმეთვიანი სასჯელი მოიხადა, ერდოღანმა შეცვალა თავისი ფუნდამენტალისტური დისკურსი და ძალიან მალე მის მიერ 2001 წელს დაარსებული „ზომიერად ისლამისტური“ პარტიაც იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2002 წელს არჩევნებში გაიმარჯვა და თურქეთის მმართველ პარტიად იქცა. ერდოღანი კი პრემიერ მინისტრის სკამზე მყარად დაფუძნდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: AP

მის მიერ გატარებული პოლიტიკა ძირს უთხრიდა თანამედროვე სეკულარული თურქეთის შემქმნელის, ათათურქის იდეოლოგიას, რომელსაც ქემალიზმადაც ხშირად მოიხსენიებენ. მან ნელ-ნელა ჩამოიშორა სამხედრო პოლიტიკური ოპონენტები და ეს ყველაფერი ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების მცდელობად ნიჭიერად შეფუთა.

მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ თურქეთის ისტორიაში პოლიტიკაში სამხედრო ჩარევის ერთგვარი ტრადიცია არსებობს, 1960 წლიდან მოყოლებული სამხედრო ძალებმა ოთხჯერ მოაწყვეს სამხედრო გადატრიალება სეკულარიზმის დაცვის მოტივით.

აღნიშნული ტრადიციის გამოხატულება იყო 2016 წლის ივლისის წარუმატებელი გადატრიალება, რომელიც შემდეგში ერდოღანმა წარმატებით გამოიყენა პოლიტიკური რეპრესიების ლეგიტიმაციისთვის.

ერდოღანსა და მის - „სამართლიანობისა და განვითარების“- პარტიას უკვე დიდი ხანია სურდა საპარლამენტო სისტემის ძლიერი საპრეზიდენტო სისტემით ჩანაცვლება და 2017 წელს „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ (MHP) თანადგომით მოახერხა რეფერენდუმის დანიშვნა, რომელშიც 51%-იანი მხარდაჭერით მიაღწია მიზანს- პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებებით აღიჭურვა, უკანასკნელ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ერდოღანი ერთდროულად გახდა ქვეყნის წარმომადგენელი პირველი პირი და მთავრობის მეთაური. პარლამენტს მნიშვნელოვნად შეუსუსტდა საკანონმდებლო ძალაუფლება და ფაქტობრივად წაერთვა არნახულად გაძლიერებული პრეზიდენტის კონტროლის უფლებამოსილება.

ცვლილებები საგარეო პრიორიტეტებში

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ბედნიერი ნამდვილად არ არის თურქეთის ანტიდემოკრატიული გარდაქმნებით, დაუბალანსებელი ძალაუფლებითა და ფაქტობრივი დიქტატურის წარმოქმნით, (რისი თვალსაჩინო გამოხატულებაც პასტორის საქმე გახლდათ), ეს ყველაფერი ნამდვილად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ორ ქვეყანას შორის არსებული, გამწვავებული ურთიერთობების მთავარ მიზეზად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს იმის ახსნა, რატომ არ აქვს იგივე პრობლემები აშშ-ს საუდის არაბეთთან, რომელიც გაცილებით უფრო არადემოკრატიული ქვეყანაა და ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.

ამ ყველაფერს უფრო ღრმა ფესვები აქვს და ისინი მხოლოდ აშშ-სა თუ თურქეთის რეალური ინტერესების გაანალიზებით შეგვიძლია ვიპოვოთ.

1952 წელს თურქეთის ნატოში გაწევრიანების უმთავრესი მიზანი საბჭოთა საფრთხისგან თავის დაცვა იყო. ამ მხრივ, ალიანსმა ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა. უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად თურქეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის მფლობელი გახდა (ნატოში: სიდიდით მეორე აშშ-ს შემდეგ). თუმცა, ცივი ომი დამთავრდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა და მისგან მომდინარე მკვეთრად გამოხატული საგარეო საფრთხეც მინელდა. თურქეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნლად ძლიერი საგარეო მტერი ახლო აღმოსავლეთში ჰეგემონიის მსურველი ირანი გახდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო მრავალმილიონიანი ქურთული თემის პრობლემის მოგავრებაც.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ აშშ-ს მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკა, რომელიც „მსოფლიო პოლიციელის“ როლის თანდათანობით შემცირებას გულისხმობდა, 2001 წლის ტერაქტმა შემოაბრუნა. ამას ერაყსა და ავღანეთში შესვლა მოჰყვა, თუმცა ესეც დროებითი აღმოჩნდა. უკვე ობამას პრეზიდენტობისას გამოიკვეთა აშშ-ს მიერ სხვა ქვეყნების კონფლიქტებში ჩარევის ხარისხისა და ინტენსივობის შესუსტება. სირიის მწვავე კონფლიქტის დროს ობამას გადაწყვეტილებით, აშშ-მ ახლო აღმოსავლეთიდან უკან დაიხია. არსებითი არაფერი შეცვლილა ტრამპის მოსვლის შემდეგაც. ეს ყველაფერი თურქეთისთვის ნამდვილად გახდებოდა ღელვის მიზეზი, რადგან ირანის მუდამ აქტიურ საფრთხეს, ამბოხებულ ქურთებთან ერთად, 2015 წელს რუსეთის ღია შემოსვლაც დაემატა ახლო აღმოსავლეთში. ხოლო როგორც ისტორიული გამოცდილებით ვიცით, ამ უკანასკნელის სადმე შესვლა მის იქ დიდ ხნიან დარჩენასაც გულისხმობს, შესაბამისად, აშშ-ს გაურკვეველსა და მერყევ საგარეო პოლიტიკაზე დაყრდნობა ნამდვილად ვერ იქნებოდა გონივრული საქციელი.

აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგა ასევე ერაყის ომის დროს: თურქეთში ფიქრობდნენ, რომ სადამის დამარცხების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ძალის ვაკუუმი ქურდისტანის გაძლიერებას გამოიწვევდა, რაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს შეუქმნიდა. „თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის“ გადაწყვეტილებით, ბუშის ადმინისტრაციას ქვეყნის ტერიტორიის, მისი ნავსადგურების გამოყენებაზე უარი უთხრეს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი, როცა აშშ-მ გადაწყვიტა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება და შავ ზღვაში ამერიკული გემების შემოყვანა, თურქეთმა ნატოს წევრსა და თავის მოკავშირეს ამაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება კი მონტროს კონვენციით განსაზღვული ვალდებულებებით გაამართლა. თუმცა აშშ-მ 22 აგვისტოს მაინც შემოიყვანა სამი გემი, რაც, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, ძალის დემონტრაციას, ქართული მხარის ღია მხარდაჭერის გამოხატვასაც ისახავდა მიზნად. თან ეს ყველაფერი არ არღვევდა მონტროს კონვენციას, რომლითაც თურქეთი სპეკულირებდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი
ფოტო: washington times

ერდოღანმა აშშ-ს გამოფხიზლებისთვის დასავლეთისთვის შემაშფოთებელი ქმედებები დაიწყო. ასეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოლაპარაკებები რუსეთთან უახლესი S- 400 ტიპის სარაკეტო სისტემის ყიდვასთან დაკავშირებით, რამაც აშშ-ში დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია.

დაძაბულობას ამწვავებს თურქეთის ერთ-ერთი მტრის, ქურთისტანის ამბოხებულ მებრძოლთა დაფინანსება და იარაღით მომარაგება აშშ-ს მიერ. უკვე ტრამპის პრეზიდენტობისას ერდოღანი აშშ-ს დაემუქრა, რომ არ მისცდემდა სამხრეთ-ცენტრალური თურქეთის ქალაქ ადანაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზის (ინჯირლიკის ბაზა) გამოყენების საშუალებას. ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი წერტილის „დაკარგვა“ კი ნატოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. ერდოღანმა ამით მონიშნა თავისი „წითელი ხაზი“, რომელიც აუცილებლად გადის ქურთებთან არსებულ პოლიტიკაზე.

ამ ყველაფერს ემატება ის დიდი იმედგაცრუება, რომელიც სამართლიანად დაეუფლა თურქ ხალხს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. თურქეთმა ჯერ კიდევ ადრეულ 1960-იანებში გამოხატა ევროინტეგრაციის სურვილი, თუმცა, დღეს უკვე ძალიან ცოტას სჯერა, რომ ეს შესაძლებელია.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,  კრიზისის განეიტრალებას არ უნდა ველოდოთ მანამ, სანამ თურქეთი არ დაინახავს, რომ მას რეალურად უმაგრებს ზურგს ნატოს სამხედრო ალიანსი და განსაკუთრებით აშშ. ამისთვის კი ამ უკანასკნელმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ერდოღანისთვის, როგორც ხელისუფლებაში უკვე მრავალი წლის განმავლობაში მყოფი პოლიტიკოსისთვის, ქვეყნის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ფაქტობრივად მარტო დარჩენილი ისევ გააგრძელებს ყურადღების მისაპყრობად ეპატაჟურ პოლიტიკურ სპექტაკლებს, რამაც, ერთხელაც უფრო სერიოზული ხასიათი შეიძლება მიიღოს, ამ რისკზე კი აშშ-ს არ უნდა უღირდეს წასვლა.

გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობით, ძლიერი ეკონომიკითა და სამხედრო შესაძლებლობებით თურქეთი აშშ- სთვის და, ზოგადად, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის, საჭირო, სასურველი პარტნიორი და წევრია. ამ ქვეყნის საშუალებით დასავლეთს (ევროკავშირი, ნატო) ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირისპირებული ძალის შესუსტება და მათი გავლენის ზრდის პრევენცია შეუძლია.

თურქეთის შიდა სტაბილურობა, მისი საგარეო არჩევანი და პოლიტიკური პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა თუ მომავალ განვითარებასთანაც არსებითად არის დაკავშირებული. ძლიერი ეკონომიკური კავშირების გარდა, რაც სამხედრო ტიპის ურთიერთობასაც მოიცავს (თურქეთი ქართული ჯარების წვრთნაში იღებს მონაწილეობას) კავკასიის ჭრელსა და კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონში, ჩრდილოეთ მეზობლის ინტერესების გათვალისწინებით, ნატოს წევრი ქვეყნის არსებობა ცალსახად მნიშვნელოვანია.

კომენტარები