ვანო მერაბიშვილის საქმე

პენიტენციური სამსახური: მერაბიშვილი მოწამლული არ არის, მისი მდგომარეობა არ დამძიმებულა

რადიო თავისუფლება

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის დიაგნოზს ასაჯაროებს. 

"კატეგორიულად უარვყოფთ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.

ივანე მერაბიშვილი რამდენჯერმე გადაიყვანეს მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდის და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია.

რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი" - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის ვარაუდობს, რომ ყოფილ პრემიერს "მიზანმიმართულად წამლავენ".

კომენტარები