ვანო მერაბიშვილის საქმე

შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი

ტაბულა

"არ განვიხილავთ პერსპექტივას, რომ ვიქნებით რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში, ეს იქნება საარჩევნო ბლოკი, ეს იქნება კოალიცია, რომლის წევრიც უშუალოდ იქნება ვანო მერაბიშვილი" - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ TV პირველს უთხრა. მას ჰკითხეს, იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილი არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ევროპულ საქართველოს აირჩევს, როგორი იქნება თავისუფალი დემოკრატების პოზიცია.

"ჩვენ ევროპულ საქართველოსთან გვაქვს ყველაზე ახლო პარტნიორული ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ამ ერთიანობამ საკმაოდ კარგ გამოცდას გაუძლო მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე. რაც შეეხება ამ გარემოებას [რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი], მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შევხედოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერაბიშვილი, მოხდება თუ არა ეს... იმ კონტექსტში არ გაგცემთ პასუხს, რა ემუქრება ჩვენი და ევროპული საქართველოს პარტნიორობას. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ პარტნიორობას გავაგრძელებთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ არ იყოს გაუგებარი - თავისუფალი დემოკრატები და პირადად მე, არ განვიხილავთ პერსპექტივას, რომ ვიქნებით რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში, ეს იქნება საარჩევნო ბლოკი, ეს იქნება კოალიცია, რომლის წევრიც უშუალოდ იქნება ვანო მერაბიშვილი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება" - თქვა შავგულიძემ.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. მან თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა, არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიაში იქნება.

კომენტარები