ევროკავშირი

ევროკავშირი ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებას მოითხოვს

Reuters

ევროპის საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართელოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა, რომელსაც ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, მონაკო, მოლდოვა, ნორვეგია, უკრაინა, სანმარინო, მაკედონია და საქართველოც მიუერთდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაცია აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ ურყევად უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ამასთანავე, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების არაკანონიერად ყოფნის, გაზრდილი სამხედრო წვრთნების, და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ინფრასტრუქუტურის გაძლიერების გამო.

"რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და მისი ზემოთხსენებული ქმედებები მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სისტემისადმი უპატივცემულობის დემონსტრაციაა. ევროკავშირი გმობს ე.წ. ხელშეკრულებებს და მასზე დაფუძნებულ შეთანხმებებს, როგორიცაა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სამხედრო ფორმაციების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების შეთანხმება." ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი რუსეთს კვლავ მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და დაუშვას რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით სიტუაციის დამძიმებაზე. ევროკავშირი მოუწოდებს ჩატარდეს სათანადო გამოძიება 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის თაობაზე და აღსრულდეს მართლმსაჯულება 2016 წლის მაიში გიგა ოთხოზორიას მოკვლის თაობაზე.

ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით და სხვა უამრავი კანონდარღცევით, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უხეში დარღვევებით, ისევე როგორც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღდუვით." ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით ევროკავშირი მიესალმება უკანასკნელ ათ წელიწადში დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერების კუთხით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და საქართველოს მთავრობის ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" და გააგრძელებს რეგონში მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართული ნაბიჯების მხარდაჭერას.

კომენტარები