რუსეთი

რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა ოპოზიციის ლიდერი დუელში გამოიწვია [ვიდეო]

ვიკტორ ზოლოტოვი
Youtube

რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრმა, ვიკტორ ზოლოტოვმა Youtube-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის დუელში იწვევს.

ნავალნის ანტი-კორუფციულმა კამპანიამ ეროვნული გვარდია და ზოლოტოვი კორუფციაში და მილიონობით დოლარის ოდენობის თანხის მითვისებაში დაადანაშაულა. ზოლოტოვის თქმით, კორუფცია არსებობს, თუმცა მას ებრძვიან, ხოლო ნავალნიმ მას შეურაცხყოფა მიაყენა.

"არავის უცემიხართ ისე, როგორც იმსახურებთ, ისე ძლიერად, რომ ღვიძლში იგრძნოთ...ოფიცრებს შორის მსგავსი შეურაცხყოფის პატიება მიღებული არ არის. უხსოვარი დროიდან, არამზადებს სახეში უთავაზებდნენ და დუელში იწვევდნენ ხოლმე. ბატონო ნავალნი, ვინ გვაჩერებს აღვადგინოთ ამ შესანიშნავი ტრადიციის ნაწილი მაინც. მე ვგულისხმობ გამოწვევას, რინგზე, ტატამზე, არ აქვს მნიშვნელობა. და გპირდებით, რომ რამდენიმე წუთში გაქცევთ კარგად დაბეგვილ ხორცად." ამბობს ის ვიდეოში, რომელშიც რუს ოპოზიციონერებს, მათ შორის ნავალნის მოღალატეებსა და ლაჩრებს უწოდებს.

ზოლოტოვი გვარდიაში თანამდებობის დაკავებამდე ვლადიმირ პუტინის პირადი დაცვის უფროსი იყო. მან რუსეთის პრეზიდენტი სანკტ პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის დაცვის სამსახურში მუშაობისას გაიცნო და ბოქსსა და ძიუდოში რუსეთის მომავალი პრეზიდენტის პარტნიორი გახდა.

ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ამჟამად 30 დღიან სასჯელს იხდის არასანქცირებული საპროტესტო აქციის გამართვის გამო.

კომენტარები