უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მოსკოვი დიდი სქიზმით იმუქრება - უკრაინის ავტოკეფალიის პროცესი ახალ ეტაპზეა

პატრიარქი კირილი და პატრიარქი ბართლომე

"მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ქმედებებს ჩიხში შეჰყავთ რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიათა ურთიერთობები და ქმნიან რეალურ საფრთხეს მთელი სამართლმადიდებლოს ერთობისთვის" - ნათქვამია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განცხადებაში, რომლითაც ის პროტესტს გამოთქვამს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევში ლეგატების გაგზავნის გამო.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა კიევში ორი ეგზარქოსი მიავლინა, რომელთაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი მომზადება ევალებათ. 

მოსკოვი პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებას "ანტიკანონიკურს" უწოდებს და შედეგებზე პასუხისმგებლობას პირადად მსოფლიო პატრიარქსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ამ გადაწყვეტილების სხვა მხარდამჭერებს აკისრებს. 

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან და კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესთან შეუთანხმებლად და წარმოადგენს იმ საეკლესიო კანონების ყველაზე უხეშ ფეხქვეშ გათელვას, რომელიც უკრძალავს ერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს ჩაერიოს მეორე ადგილობრივი ეკლესიის შიდა საქმეებსა და ცხოვრებაში.

ეს სრულიად ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქ ბართლომეს პოზიციას, რომელიც მათ მრავალგზის განუცხადებიათ, რომ ცნობენ უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს ერთადერთ კანონიკურ მეთაურად უკრაინის ეკლესიაში", - ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდი განცხადების ბოლოს ასევე იმუქრება, რომ მომხდარს "საპასუხო ქმედებები უახლოეს მომავალში მოჰყვება". 

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესში ახალი ეტაპია. ჯერ-ჯერობით კონსტანტინოპოლს ოფიციალურად არ უცვნია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ კიევში ვარაუდობენ, რომ პროცესი დიდხანს არ გაიწელება და უკრაინა ავტოკეფალიას უახლოეს მომავალში მიიღებს. 

ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს მხოლოდ იმ ეკლესიას, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შედის და მას ექვემდებარება.

ამის პარალელურად, არსებობს ორი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც წარსულში ავტოკეფალია გამოაცხადა და არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია მასთან თანაზიარებაში არ იმყოფება. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი მეთაურობს. 

ამა წლის აპრილში, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ და პრეზიდენტმა თხოვნით მიმართეს მსოფლიო საპატრიარქოს, მიენიჭებინა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია. ავტოკეფალიას ითხოვენ ის ეკლესიებიც, რომლებიც არ შედიან მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მიიჩნევს რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მის კანონიკურ იურისდიქციას წარმოადგენდა და წარმოადგენს. გარდა ამისა, მხოლოდ მას და არავის სხვას აქვს უფლება მიანიჭოს ამა თუ იმ ეკლესიას ავტოკეფალია. 

უკრაინის ხელისუფლებისა და მილიონობით მართლმადიდებლის თხოვნის შემდეგ, კონსტანტინოპოლმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის განხილვა დაიწყო. 

განხილვის პროცესში, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ესაუბრნენ მათ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილების შესახებ. მსოფლიო საპატრიარქოს არ უთხოვია ნებართვა არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რადგან მიიჩნევს, რომ როგორც პირველსაყდარს აქვს ავტოკეფალიის მინიჭების ერთპიროვნული უფლება.

თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს, ნავარაუდებია, რომ შედგება "გამაერთიანებელი კრება", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი ამ დრომდე არაღიარებული ეკლესია "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო" და "უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია", ასევე, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ის იერარქები, რომლებიც ემხრობიან ავტოკეფალიის მინიჭებას. სწორედ ახლადშექმნილ საეკლესიო სისტემას გადაეცემა ავტოკეფალიის ტომოსი. 

მოსკოვის საპატრიარქოს საპასუხო ქმედებების პროგნოზირება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. საეკლესიო კომენტატორების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლთან თანაზიარებას გაწყვეტს. 

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებს "მხარის არჩევა" პროცესის დასრულების შემდეგ მოუწევთ, თუმცა, შესაძლებელია, რომ მათ თანაზიარება ორივე დაპირისპირებულ ეკლესიასთან შეინარჩუნონ - მსგავსი პრეცედენტი მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავლად არსებობს.  

მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბოლო მომენტში მოსკოვის საპატრიარქომ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მოწვეულ კრეტის კრებაზე გამგზავრებულიყო. კრება ათი მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობით მაინც შედგა, რომელზეც არ გაემგზავრნენ რუსეთის სატელიტი მართლმადიდებელი ეკლესიები. მათ შორის, არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

კომენტარები