აგვისტოს ომი

დღეს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას გააპროტესტებენ

დღეს, 7 აგვისტოს, შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავზე, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან აქცია გაიმართება, სადაც რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ.

"ჩვენ გავიხსენებთ აგვისტოს ომის გმირებს და რუსული აგრესიის ქრონიკას. მივაწვდით ხმას თავისუფალ სამყაროს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ არასდროს შევეგუებით ოკუპაციასა და უსამართლობას. მოვითხოვთ მათგან რეაგირებას რუსეთისგან მომდინარე აგრესიის შესაჩერებლად", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის ისტორიის ერთი ფურცელი იყო.

"ეს შეიარაღებული კონფლიქტი იყო ერთი ფურცელი ომის ისტორიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ. რუსეთში იცვლება სახელმწიფო წყობა და ხელისუფლებები, თუმცა არ იცვლება მტრული დამოკიდებულება თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. ის ომითა და სისხლით პასუხობს ქართველი ხალხის თავისუფლების წყურვილს.

2018 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავზე, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან შევიკრიბებით ადამიანები, ვისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა და გავიხსენებთ აგვისტოს ომის გმირებს და რუსული აგრესიის ქრონიკას. მივაწვდით ხმას თავისუფალ სამყაროს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ არასდროს შევეგუებით ოკუპაციასა და უსამართლობას. მოვითხოვთ მათგან რეაგირებას რუსეთისგან მომდინარე აგრესიის შესაჩერებლად", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

გორის მუნიციპალიტეტში ვითარება აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბისა და ფსოუს მდინარის გავლით, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

კომენტარები