საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ილია II ვინმეს ზეწოლით არასდროს მოქმედებს, გამორიცხულია მისი იძულება

საპატრიარქო

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქოს შეფასებით, "დაუსაბუთებელი ბრალდებების" მიზანი მიტროპოლიტ შიოსთვის "ჩრდილის მიყენებაა". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე აღნიშნავს, რომ ილია მეორე ვინმეს ზეწოლით არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება. ცნობისთვის, მეუფე გრიგოლმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ იყო მცდელობა და შეთავაზება - პატრიარქი გადამდგარიყო.

"მიტროპოლიტ გრიგოლის გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ "რუსთავი 2-მა” სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა "განავითარა” და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.

ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმიდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა.

ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მითუმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც.

ხოლო თუ კი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები