ჩრდილოეთ კორეა

სატელიტური სურათების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ცდების ბაზის დაშლა დაიწყო

Reuters

უახლესი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოსაცდელი ბაზის ნაწილის დაშლა დაიწყო.

აშშ-ის ინფორმაციით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოჰაეს ბაზა ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელად გამოიყენებოდა, თუმცა ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სატელიტების გასაშვებად იყო განკუთვნილი.

მიმდინარე წლის ივნისში სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა გამოსაცდელ ბაზებს გაანადგურებდა, თუმცა არ დაკონკრეტებულა რომელ ბაზებზე იყო საუბარი. მხარეები კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისათვის მუშაობაზეც შეთანხმდნენ.

გუშინ დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ მოხარულია ჩრდილოეთ კორეასთან მიღწეული პროგრესით:

"ჩრდილოეთ კორეას 9 თვის მანძილზე რაკეტა არ გაუშვია. ასევე, არ ჩაუტარებია ბირთვული ცდები. იაპონია ბედნიერია, მთელი აზია ბედნიერია. მაგრამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლები ამბობენ, ისე, რომ არასდროს მეკითხებიან (ყოველთვის ანონიმურ წყაროებს), რომ მე ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ, რომ პროცესები საკმარისად სწრაფად არ მიმდინარეობს. ტყუილია, ძალიან ბედნიერი ვარ!

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობას შეთანხმების მიუხედავად მაინც აგრძელებს.

კომენტარები