ჩოგბურთი

ანჟელიკ კერბერმა სერენა უილიამსი დაამარცხა და უიმბლდონის ჩემპიონი გახდა

AFP

ანჟელიკ კერბერმა უიმბლდონის ფინალში ლეგენდარული სერენა უილიამსი ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა. 

სერენა უილიამსისთვის ეს მეოთხე ტურნირი იყო შვილის გაჩენის შემდეგ.

გერმანელი ანჟელიკ კერბერი უიმბლდონზე მე-11 ნომრად იყო განთესილი. ეს მისთვის უიმბლდონის პირველი თასია. კერბერმა 2016 წელს მოიგო ავსტრალიის და აშშ-ის ღია პირველობები.

სერენა უილიამსი კი მთლიანობაში დიდი სლემის 23 ტურნირის გამარჯვებულია. 

"ოცნება ამიხდა", - თქვა კერბერმა, რომელიც პირველი გერმანელი ქალია, ვინც ბოლო 22 წლის განმავლობაში უიმბლდონზე გაიმარჯვა - 1996 წელს უიმბლდონის ჩემპიონი შტეფი გრაფი გახდა - "ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რათა ისეთი ჩემპიონი დამემარცხებინა, როგორიც სერენაა. ის დიდებული ადამიანი და ჩემპიონია და ყველასთვის დიდი შთაგონების წყარო". 

თავად სერენას თქმით კი, ის ბედნიერია, რომ მარტივად მივიდა ფინალამდე. 

"რა თქმა უნდა, ეს აშკარა იმედგაცრუებაა, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, იმედგაცრუებული ვიყო. რეალურად მხოლოდ ახლა ვიწყებ. დედებო, მე თქვენთვის ვთამაშობდი და მართლა ვეცადე, მაგრამ ანჟელიკმა მართლაც კარგად ითამაშა. გავაგრძელებ და ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის", - თქვა სერენა უილიამსმა. 

მას 10 თვის წინ გოგონა შეეძინა, მშობიარობის შემდეგ კი პრობლემები შეექმნა და როგორც თავად თქვა, კინაღამ დაიღუპა - ბავშვის გაჩენიდან 24 საათში საკეისრო კვეთის ჭრილობა გაიხსნა - მიზეზი ხველება იყო, რომელიც, თავის მხრივ, ემბოლიამ გამოიწვია. როცა ჩოგბურთელი საავადმყოფოში ოპერაციის ხელახლა გასაკეთებლად მივიდა, ექიმებმა დიდი ჰემატომა და მუცლის ღრუში სისხლი აღმოაჩინეს. სერენას დედობის პირველი 6 კვირის წოლით რეჟიმში გატარება მოუწია. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკელი დამარცხდა, ტენისის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში სწორედ ის არის. ტვიტერის მომხმარებლები წერენ, რომ სერენა უილიამსი არა მხოლოდ კარგი სპორტსმენია, ან ერთ-ერთი საუკეთესო, ან საუკეთესი ქალი სპორტსმენი, არამედ "ყველა დროის საუკეთესო ათლეტია". 

კომენტარები