არასამთავრობო ორგანიზაციები

NGO-ები მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვს.

არასამთავრობოებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს. მათი თქმით, პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის არსებული მოდელი შესაცვლელია.

ისინი განმარტავენ, რომ ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებს. NGO-ები მიიჩნეევნ, რომ ვერ მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზება, რაც საზოგადოების ნდობაზე აისახება.

"დღეს პროკურატურის სისტემა კვლავ რჩება იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა კონსტიტუციური რეფორმა მთლიანად ცვლის პროკურატურის სისტემას, მათ შორის მთავარი პროკურორის შერჩევის წესებს. თუკი ჩვენ დღეს ხარვეზიანი წესით ავირჩევთ მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, ვერანაირ გავლენას ამ უწყების გაჯანსაღებასა და დეპოლიტიზირებაზე ვეღარ მოახდენს", - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მთავარი პროკურორის მოქმედი წესით არჩევის პროცესი შეაჩეროს, მისი არჩევის წესში ძირეული ცვლილებები შეიტანოს და იუსტიციის მინისტრი პროცესს ჩამოშორდეს.

კომენტარები