თავდაცვა

იზორია: აშშ-ისგან მივიღეთ დაპირება - საქართველო მიიღებს სარაკეტო სისტემა სტინგერს

flickr.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო "პოზიტიური დაპირება" რომ საქართველოს ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემა "სტინგერის" შეძენაზე ნებართვა მიეცემა. იზორიას განცხადებით, "ჯაველინის" მსგავსად საქართველო "სტინგერის" შეძენაზე ნებართვას გასული წლების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა.

"სწორედ ამიტომ ჩვენ გახლდით ამერიკაში და ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირებები რომ საქართველო მიიღებს ჯაველინებთან ერთად უახლეს ანტისაჰაერო ტაქტიკურ სისტემა სტინგერებს, რომლებიც ასევე წლების განმავლობაში იყო საქართველოს სურვილი,"- განაცხადა ლევან იზორიამ.

FIM-92 Stinger ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემაა, რომლის გასროლაც ქვეითთა მობილურ ჯგუფს შეუძლია. ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი რაკეტა სამიზნეს თავად პოულობს და ანადგურებს. 1981 წელს გამოსულმა "სტინგერმა" ავღანეთის ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. "სტინგერის" ტექნიკური მახასიათებლებია: წონა - 15 კგ, სიგრძე 1.52 მეტრი, მოქმედების რადიუსი 8 კილომეტრი. გამშვები მოწყობილობის ღირებულება $38,000-ია. 

საქართველოში ჯაველინების პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა. პროგრამის სრული ღირებულება $75 მილიონია. საქართველომ აშშ-სთან ჯაველინის 72 გამშვები მოწყობილობა და 410 რაკეტა იყიდა. 

საქართველოს "სტინგერის" შესაძენად კონგრესის ნებართვა ესაჭიროება. 

 

კომენტარები