დემოგრაფია

თვეები, როდესაც თქვენი გარდაცვალების ალბათობა ყველაზე მაღალია

შეიძლება ფიქრობთ რომ დღე როდესაც ესა თუ ის ადამიანი კვდება სრულიად შემთხვევითია და ის შეიძლება წლის ნებისმიერ დღეს დადგეს. თუმცა სინამდვილეში სიკვდილიანობა წლის განმავლობაში თანაბრად განაწილებული არაა და არსებობენ თვეები, როდესაც გარდაცვალების შანსი უფრო მაღალია. 

სამწუხაროდ უნდა გითხრათ რომ, თქვენი გარდაცვალების ალბათობა სტატისტიკურად უფრო მაღალი ზამთარშია - ამის უკეთ დანახვა შესაძლებელია თუ ბოლო 18 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს სეზონების მიხედვით დავაკვირდებით. ოფიციალური მონაცემებით, დეკემბერში 40%-ით უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სექტემბერში.

სტატისტიკურად საქართველოში ყველაზე ნაკლები ადამიანი სწორედ აგვისტოსა და სექტემბერში იღუპება, გარდაცვალების მაქსიმალური მაჩვენებლები კი დეკემბერსა და იანვარშია. პირველ გრაფიკზე გამოსახულია 2000-2017 წლების განმავლობაში საქართველოში აღრიცხული სიკვდილიანობის განაწილება თვეების მიხედვით. ამ წლებში საქართველოში 886 ათასი ადამიანი მოკვდა. მთლიანობაში ყველაზე მეტი გარდაცვალება დეკემბერში აღინიშნა და ის 84,034-ს შეადგენს, მინიმალური სიკვდილიანობა სექტემბერში იყო და ის 59,888-ს შეადგენს. 18-წლიან პერიოდში იყო წლები, როდესაც სიკვდილიანობა მაქსიმალური იყო იანვარში ან მარტში, ხოლო მინიმალური აგვისტოში ან სექტემბერში, თუმცა საერთო ჯამში ის მკაცრად ემორჩილებოდა სეზონურ განაწილებას. არასდროს მომხდარა, რომ პიკი ზაფხულში დამდგარიყოს, ხოლო დაბალი სიკვდილიანობა კი ზამთარში.

სეზონებსა და სიკვდილიანობას შორის კავშირი მხოლოდ საქართველოში არ შეინიშნება. მეტიც, ის უფრო მკაფიოდ გამოხატულია აშშ-ში, იაპონიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, კანადაში, შვედეთში, საბერძნეთში, ახალ ზელანდიაში, კვიპროსსა და სხვა ქვეყნებში.

როგორც გრაფიკიდან ჩანს სიკვდილიანობის სეზონურობა სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებშიც შეიმჩნევა. ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში სიკვდილიანობის პიკი ივლისსა და აგვისტოში, ანუ კლიმატური ზამთრის დროს დგება.

საქართველოში სიკვდილიანობის აღმნიშვნელი გრაფიკი ყველაზე ახლოს საბერძნეთთან დგას. ორივე ქვეყანაში მინიმალური სიკვდილიანობა სექტემბერში აღინიშნება. 

რა კავშირი არსებობს კლიმატურ სეზონსა და სიკვდილიანობას შორის?

გარემოს ტემპერატურასა და კლიმატურ სეზონებს ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, მაგრამ ალბათ მოსახლეობა თერმომეტრის დაბალ ნიშნულს სიცოცხლისთვის განსაკუთრებულ რისკად არ განიხილავს. მართალია ზამთარში რესპირატორული დაავადებების რისკი იზრდება, მაგრამ ეს დაავადებები ქვეყანაში სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი არაა. ამავდროულად, ბუნდოვანია როგორ ახდენს დაბალი ტემპერატურა ორგანიზმზე მავნე გავლენას, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა ზამთარში გათბობით სარგებლობს.

2016 წელს საქართველოში სულ 50,771 ადამიანი გარდაიცვალა. მათი უმეტესობა ხანდაზმული ასაკის იყო. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი სისხლის მიმოქცევის დაავადებებია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის ზედა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. ქვეყნების ამ ჯგუფში სიკვდილიანობის წამყვანი სამეული სისხლის მიმოქცევის დაავადებები, სიმსივნეები და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებია. ამასთანავე, ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გარდაცვლილთა ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია.

შედარებისთვის, ყველაზე ღარიბ ქვეყნებში სიკვდილის მთავარი მიზეზები გადამდები დაავადებებია: რესპირატორული ინფექციები, დიარეა/დიზენტერია და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყნებში გარდაცვლილთა ძირითადი ნაწილი შუახნისაა.

2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გარდაცვალების წამყვანი მიზეზები ასე ნაწილდება:

  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 17 973 ადამიანი
  • სიმსივნეები - 6 819 ადამიანი
  • სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 2 480 ადამიანი
  • ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 627
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 571 ადამიანი
  • ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 763 ადამიანი
  • შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 616 ადამიანი
  • ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 554 ადამიანი
  • ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 474 ადამიანი
  • სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები - 354 ადამიანი
  • პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 363 ადამიანი
  • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 100 ადამიანი
  • თანდაყოლილი ანომალიები - 95 ადამიანი
  • კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 58 ადამიანი
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 52 ადამიანი
  • ორსულობა, მშობიარობა - 14 ადამიანი
  • თვალის ავადმყოფობები - 12 ადამიანი
  • ყურის დაავადებები - 5 ადამიანი
  • სხვა დაავადებები/მიზეზები რომლებიც ამ სიაში არ არიან - 16 841 ადამიანი.

დაბალი ტემპერატურა, როგორც სიკვდილის პირდაპირი მიზეზი - ყველაზე მარტივი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ზამთარში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ჰიპოთერმია, ანუ ორგანიზმის ტემპერატურის გადაციებაა. თუმცა, ჰიპოთერმიით გარდაცვალების შემთხვევები საკმაოდ მცირეა და ზამთარში სიკვდილიანობის მატების რეალურ მიზეზს ის არ წარმოადგენს.

როგორც ვნახეთ, სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. საინტერესოა, რომ ამ ჯგუფის დაავადებების უკიდურესი გამწვავების ალბათობა მაქსიმალური ზამთრის სეზონზეა.

აშშ-ის გულსისხლძარღვთა დაავადებების კვლევის ცენტრმა 1973-2001 წლებში გულის შეტევის სიკვდილიანობის სეზონური გადანაწილება შეისწავლა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პრაქტიკულად ყოველთვის გულის შეტევების პიკური რაოდენობა 24 დეკემბრის - 31 დეკემბრის შუალედში დგებოდა. ამ დღეებში გულის შეტევით საშუალოდ 2208 ადამიანი კვდებოდა. ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობა მინიმალური სექტემბრის პირველ კვირაში იყო და საშუალოდ დღეში 1593 გარდაცვალებას შეადგენდა.

სიცივესა და სიკვდილიანობის მატებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მარტივი არაა და მისი განზოგადების შემთხვევაში შეიძლება დავასკვნათ რომ  იმ ქვეყნებში, სადაც სეზონებს შორის უფრო მკვეთრი კლიმატური სხვაობებია სიკვდილიანობის სტატისტიკაშიც სეზონური პატერნი უფრო მკვეთრი უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არაა. მაგალითად, შვედეთიც და კანადაც მკაცრი კლიმატის მქონე ქვეყნებია, თუმცა აქ სეზონებს შორის სიკვდილიანობის ამპლიტუდა მკვეთრი არაა. მეტიც, სეზონური ამპლიტუდა ბევრად მაღალია დიდ ბრიტანეთსა და პორტუგალიაში, სადაც გაცილებით უფრო რბილი ამინდია.

თუ აშშ-ის მასშტაბით გულსისხლძარღვთა დაავადებების სიკვდილიანობის მაჩვენებლებს მივუბრუნდებით და მის გეოგრაფიულ განაწილებას ვნახავთ, აღმოვაჩენთ რომ სეზონური ამპლიტუდა თითქმის თანაბრად შეიმჩნევა როგორც ცხელ კალიფორნიის შტატში, ასევე ქვეყნის იმ ნაწილებშიც, რომელთა კლიმატიც უფრო ცივია.

რა ხდება ტროპიკულ ქვეყნებში:

ცხელი კლიმატის ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასეთი სეზონური არაა. უღარიბეს ქვეყნებში კი სიკვდილიანობა ზაფხულის თვეებში იმატებს. ამის მიზეზი ინფექციების გაზრდილი რაოდენობაა. მაგალითად დიარეა, დიზენტერია და სხვა გასტროენტეროლოგიური დაავადებების გავრცელების უფრო მაღალი რისკი ზაფხულში არსებობს.

იყო თუ არა ზამთარი ყოველთვის მომაკვდინებელი სეზონი?

ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა ნილ ქამინგსმა გასული ორი ათასი წლის განმავლობაში ევროპის მასშტაბით გარდაცვლილი 230,000 პირის გარდაცვალების მიახლოებითი თარიღები შეისწავლა.

სტატისტიკის მიხედვით, მეთერთმეტე საუკუნეში უფრო მეტი ადამიანი ზაფხულში კვდებოდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი მინიმალური ზამთარში იყო. მეთერთმეტე საუკუნეში ზაფხულობით ზამთართან შედარებით დაახლოებით 18%-ით მეტი კვდებოდა, ხოლო მეთოთხმეტე საუკუნეში ეს დიაპაზონი 53%-მდე გაიზარდა. ნილ ქამინგსის კვლევის მიხედვით, მეთვრამეტე საუკუნეში ვითარება შეიცვალა და სიკვდილიანობამ ზამთარში იმატა, ზაფხულში კი შემცირდა. მეოცე საუკუნეში კი ზამთარში დაახლოებით 19%-ით მეტი კვდებოდა, ვიდრე ზაფხულში.

ქამინგსის შეფასებით, არსებობს ორი სავარაუდო მიზეზი, რის გამოც წარსულში ზაფხულის სეზონი უფრო საშიში იყო:

  1. შუა საუკუნეებში ომის წარმოება უფრო ხშირად ზაფხულში ხდებოდა, სწორედ ამ დროს იმართებოდა მხარეებს შორის ძირითადი შეტაკებები, რაც ზაფხულობით სიკვდილიანობის ზრდას იწვევდა.
  2. მედიცინის განვითარებამდე გადამდები დაავადებები სიკვდილის უმთავრესი მიზეზი იყო. ამ დაავადებების გავრცელებისთვის ყველაზე მაღალი რისკის პერიოდი კი მაღალი ტემპერატურის დროსაა. შავი ჭირის ეპიდემიის დროს გარდაცვლილთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ზაფხულის თვეში დაიღუპა.

კომენტარები