პოლონეთი

პოლონეთის პრემიერი: Nord Stream 2-ის გაზსადენი რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღია

მატეუშ მორავეცკი
AFP

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ Nord Stream 2-ის გაზსადენი რუსეთისათვის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ იარაღს წარმოადგენს, რომლის გამოყენებაც ევროკავშირის და NATO-ს ენერგოუსაფრთხოების და სოლიდარობის წინააღმდეგ სურს.

მორავეცკიმ ვარშავაში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეკრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ გაზსადენი "ევროპული უსაფრთხოების საწამლავია."

ასამბლეაზე ევროპაში რუსეთდან მომავალი საფრთხეების შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამაც ისაუბრა.

"ჩვენ ვწუხვართ, რომ ამის თქმა გვიწევს, თუმცა მოსკოვი არასოდეს შეგუებია იმპერიალისტური საბჭოთა კავშირის დანგრევას. საქართველოში შეჭრა, ყირიმის უკანონო ანექსია და სამხედრო შეჭრა უკრაინაში რუსეთის რეალური მიზნების კარგი ილუსტრაციაა." თქვა მან.

Nord Stream 2 უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით ვაშინგტონი პროექტს იმიტომ აკრიტიკებს, რომ საკუთარი ბინებრივი აირის ექსპორტის ხელშეწყობა სურს.

კომენტარები