ბაჩო ახალაიას საქმე

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ახალაიას ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და მას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლომ ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების ორგანიზებისა (ორი ეპიზოდი) და დაკავებულის წამებისათვის (ერთი ეპიზოდი). ახალაია გამართლდა წამების ბრალდებით წარდგენილ ერთ ეპიზოდში.

"ბრალდებული ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. სასამართლომ, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ.

ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, ასევე მათ მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარებისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ორგანიზებითა და მონაწილეობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები"
- აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

პროკურატურის განცხადებით, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში, წამების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების მტკიცებით, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ იძალადეს. სერგო თეთრაძე წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

კომენტარები