ბაჩო ახალაიას საქმე

წულუკიანი: ნაციონალური მოძრაობა მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ვერ იშლის

არის თუ არა ბატონი მინაშვილის მიერ მიწერილი ტექსტი მოსამართლეზე ზეწოლა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ამ ტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის მიწერილ სატელეფონო შეტყობინებას გამოეხმაურა.

"ამას შესწავლა სჭირდება, თვითონ ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სავალალო. მე, ამ მხრივ, ველოდები პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც დაამტკიცებდა იმას, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლეებზე საუბრობენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.

ამის შემდეგ, აკაკი მინაშვილმა მოსამართლისადმი გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროვა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემს გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ - "ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!", - ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!"  - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები