ბაჩო ახალაიას საქმე

წიკალური: ახალაიას კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს და პროცესების დახურვას აპირებენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენა. საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესცენტრში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

წიკლაურის განცხადებით საქმე ძალოვანი უწყების საიდუმლო ხარჯებში მითითებული ასიათასამდე ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ბაჩო ახალაიამ საქმესთან დაკავშირებით facebook-ის ოფიციალური გვერდით განცხადება გაავრცელა.

"გასაგებია, რომ პროცესის დახურვის მიზნით სჭირდება ივანიშვილს ამ სისულელის მოგონება, თითქოს 10 000-დან 60 000 ლარამდე მიმითვისებია. არც მასალებს გვაცნობენ, არც საქმეს აძლევენ ადვოკატებს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. საიდუმლოებას როგორც ასეთს ესენი ეძახიან, მე ხმამაღლა ვიტყვი: 10 000-დან 60 000 ლარამდე თანხის მითვისება, აი სულ ეს არის.

საბოლოოდ მაინც იმის თქმა მინდა, რომ ყოველივე ეს არაფერს ნიშნავს, მთავარი ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის აუცილებლობაა, ეს არის საჩქარო, რადგან დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობასაც აქვს თავისი ლიმიტი, რაც უფრო გვიან მოხდება ყოველივე ეს, მით უფრო საზიანო იქნება ქართული პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის" - წერს ახალაია.

ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ პროკურატურის მიზანია, ეს ბრალდება უკვე წაყენებულ საქმეებთან გააერთიანოს: "სხდომები დახურული იქნება და ინფორმაციას მედიას ვერც დაცვის მხარე მიაწვდის. არავის, არც ერთ ჟურნალისტს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ დაესწროს ამ პროცესს და ფლობდეს ინფორმაციას," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები