ბაჩო ახალაიას საქმე

წულუკიანი: ჯოლოხავა ყვებოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას მეუფის მოკვლა უნდოდა

თეა წულუკიანის თქმით, ის შეხვდა ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეს, ყოფილ პატიმარს გოდერძი ჯოლოხავას, რომელიც ყვებოდა,  რომ ნაციონალური მოძრაობა  ერთერთი მეუფის მოკვლასა და პატრიარქის დაზიანებას გეგმავდა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

წულუკიანი ასევე იხსენებს ჯოლოხავას მონათხრობს, რომ ის „საშინელ დღეში იყო,  რაკი არ შეასრულა ნაციონალური მოძრაობის დავალებები“, რაც „ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას“ გულისხმობდა.

“მე ქალბატონმა ინაშვილმა, თავის დროზე, როდესაც არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი, მითხრა, რომ მყავს ერთი გაუბედურებული მოქალაქე კაცი, რომელიც ყვება საოცარ ამბებს, თუ როგორ უნდოდა ნაციონალურ მოძრაობას ერთ-ერთი მეუფის მოკვლა. როგორ უნდოდა ნაციონალურ მოძრაობას პატრიარქის დაზიანება, არ ვიტყვი უფრო მეტს, და იქნებ მას მოუსმინოო. თავადაც არისო ციხეში წამების მსხვერპლიო. ბატონმა ჯოლოხავამ აღწერა ყინწვისში სხვადასხვა მოვლენები. თქვა რომ მას დაავალეს სხვადასხვა დროს ებრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და ამის გამო ის ციხეში იყო, საშინელ დღეში, რაკი არ შეასრულა ნაციონალური მოძრაობის დავალებები”, - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მან თავის დროზე ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიაწოდა და თხოვა, დაეცვა ეს ადამიანი როგორც მოწმე, თუმცა ჯოლოხავამ მოწმის დაცვის მექანიზმი მაშინ ვერ მიიღო და ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩავარდა.

“როგორც შემდეგ გავიგე მისი მოწმის დაცვის ქვეშ მოხვედრა არ მომხდარა და შემდეგ ის ხელში ჩაიგდო ნაციონალურმა მოძრაობამ და ალბათ ალაპარაკებს იმას, რაც მათ ინტერესშია”, - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გოდერძი ჯოლოხავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მოწმეა. მან ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. პირველად, მედიაკავშირ ობიექტივთან ინტერვიუში ჯოლოხავა ჰყვებოდა, თუ როგორ ანახეს პატიმრის გაუპატიურების და წამების სცენები. მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას სამჯერ შეხვდა და ის აიძულებდა სხვა პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას წამების გზით. შემდგომ, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯოლოხავა ზეწოლაში თეა წულუკიანს და ირმა ინაშვილს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მათ ახალაიას წინააღმდეგ დაწერილის გამეორება მოსთხოვეს. მეორე დღეს კი, ყოფილმა პატიმარმა კვლავ ობიექტივის ეთერში განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ბაჩო ახალაიას ახლობლებმა განახორციელეს.

კომენტარები