ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურატურა: ბაჩანა ახალაია რჩება პატიმრობაში

პროკურატურა სასამართლოს მიერ ბაჩანა ახალაიასთვის ე.წ. ჯაშუშების საქმეზე პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ახალაია პატიმრობაში რჩება.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულების - ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 05 ივლისის განჩინებით, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, ბაჩანა ახალაია რჩება პატიმრობაში, რადგან იგი მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და იხდის საპატიმრო სასჯელს. მას თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით. აღნიშნულ საქმეზე ბაჩანა ახალაიას ბრალი დაედო ორ ეპიზოდში: ციხეში პატიმართა წამებასა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კომფორტული პირობების შექმნაში. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით", - წერია განცხადებაში.

კომენტარები