ჰოლივუდი

როგორ ცვლის ჩინეთი მსოფლიოს კინოინდუსტრიას

მაქს ბრუკსის წიგნში "მსოფლიო ომი Z" ვირუსი, რომელიც კაცობრიობას ზომბებად გადააქცევს პირველად ჩინეთში გავრცელდება, თუმცა ასე არ ხდება ამ წიგნზე დაფუძნებულ ფილმ "მსოფლიო ომი Z"-ში, რომელმაც გლობალურად კინოგაქირავებაში $540 მილიონი შეაგროვა.

ეს ერთი მაგალითია იმისა თუ როგორ ცვლის ჩინეთი მსოფლიოს კინოინდუსტრიას. ფილმებს იღებენ იმისთვის, რათა მათი მეშვეობით სტუდიებმა შემოსავალი ნახონ. 2016 წლის შემდეგ კინოს უმსხვილესი ბაზარი არა აშშ, არამედ ჩინეთია, სადაც ამერიკაზე უფრო მეტი კინოთეატრია. ჩინეთის საშუალო კლასის ზომა უკვე 470 მილიონ ადამიანს აღემატება, ეს მთელი აშშ-ის მოსახლეობაზე მეტია. კომუნისტური რეჟიმი მკაცრად არეგულირებს იმას, თუ რას უყურებენ მისი მოქალაქეები, ამიტომ ფილმებმა გაქირავებაში მოხვედრამდე ცენზურა უნდა გაიარონ. სწორედ ამ ცენზურის გამო მაღალბიუჯეტიან ბლოკბასტერებში გახშირებულია ჩინეთის დადებითად წარმოჩენის ტენდენცია, რაც გლობალურად ჩინეთზე დადებითი წარმოდგენის გაჩენას ხელს უწყობს.

რიდლი სკოტის ფილმ “მარსელში’’ მეთ დეიმონის პერსონაჟსაც და NASA-ს მთელ მისიასაც ჩინეთის კოსმოსური სააგენტო გადაარჩენს. ფილმის ამ ეპიზოდმა 20th Century Fox-ს ფილმის ჩინურ ბაზარზე შეტანის შესაძლებლობა მისცა. სკოტის ნამუშევარმა საბოლოოდ გლობალურად $630 მილიონის გამომუშავება შეძლო, საიდანაც $95 მილიონი ჩინელმა მაყურებლებმა გადაიხადეს.

კადრი რიდლი სკოტის ფილმ მარსელიდან
ფოტო: 20th Century Fox

ირონიულია გარემოება, რომ სწორედ სიტყვის თავისუფლების შეზდვა და მკაცრი ცენზურა არის მიზეზი, რის გამოც სულ უფრო მეტ ფილმში ჩინეთი დადებითად არის წარმოდგენილი.

გზები რომლითაც უცხოურ ფილმებს ჩინურ ბაზარზე შეუძლიათ შეღწევა:

34-ის წესი

1990-იან წლებამდე ჩინეთში მხოლოდ რამდენიმე უცხოურმა ფილმმა შეაღწია ესენი იყო: რომაული არდადეგები, სპარტაკი, სიყვარულის ისტორია, წითელი სისხლი და სხვები. “კულტურული რევოლუციის” წლებში ჩინეთი ახალი საზოგადოების კონსტრუირების გზას ადგა, აიკრძალა ყველაფერი რაც “ბურჟუაზიის გადმონაშთს” წარმოადგენდა. ამ პერიოდის ჩინური ფილმები პრაქტიკულად მხოლოდ რევოლუციიასა და კომუნიზმის მშენებლობაზე იყო. მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა შერბილდა. თუმცა ფართო აუდიტორიას უცხოურ ფილმებთან წვდომა მაინც არ ჰქონდა.

1994 წელს მდგომარეობა შეიცვალა, ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება წელიწადში 10 უცხოური ფილმი შეეშვა საკუთარ ბაზარზე. ამ ათიდან პირველი ფილმი იყო გაქცეული (The Fugitive) ფილმი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი ბილეთები შავ ბაზარზეც კი იყიდებოდა.

2002 წელს აშშ-ის სავაჭრო პალატის მიერ გამართული რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ბაზარზე დასაშვები ფილმების კვოტა 20-მდე გაიზარდა.

2012 წელს კი კვოტა გადაიხედა და წლიურ 34 ფილმამდე გაიზარდა. სწორედ 2012 წლიდან შეიმჩნევა ჰოლივუდურ ფილმებში ჩინეთის პოზიტიურად წარმოჩენის კამპანია.

რონალდ ემერიხის ფილმ 2012-ში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს: “კიდობანი ჩინელებმა ააგეს, მხოლოდ მათ შეეძლოთ ასე მოკლე ვადებში ამ პროექტის განხორციელება.” ბლოკბასტერი 2012 წელს ერთ-ერთი იყო იმ 34 უცხოური ფილმიდან, რომელიც ჩინურ გაქირავებაში მოხვდა. ფილმმა გლობალურად $769 მილიონი მოაგროვა, საიდანაც ჩინელმა მაყურებლებმა $68 მილიონი გადაიხადეს.

რაიან ჯონსონის 2012 წელს გამოსული ფილმი დროის მარყუჟის (Looper) ორი ვარიანტი არსებობს. ერთი, რომელიც ჩინელმა მაყურებელმა ნახა და მეორე, რომელიც დანარჩენმა მსოფლიომ იხილა. ფილმის ჩინური ვარიანტი 15 წუთით უფრო გრძელია, რადგანაც მთავარი პერსონაჟები ამ დროს შანგჰაიში იმყოფებიან. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ფილმმა ცენზურის გავლა შეძლო.

კოპროდუქცია

კოპროდუქცია არის გზა, რომლითაც ჩინური სტუდიები აფორმებენ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს უცხოურ სტუდიებთან ერთობლივი ფილმების გადაღების შესახებ. იმის გამო რომ ფილმის გადაღებაში მონაწილეობს ჩინური მხარეც ფილმი არა უცხოურად, არამედ ადგილობრივად ითვლება. თუმცა იმის გამო რომ სტუდიებმა უცხოური ფილმებიდან შემოსავლების მიღების მიზნით ფიქტიური კოპროდუქციის კონტრაქტები არ დადონ სახელმწიფო განსაზღვრავს კრიტერიუმებს, თუ როდის ითვლება ფილმი კოპორდუქციად. წესებია: ფილმის ლოკაცია უნდა იყოს ჩინეთში, მსახიობების ⅓ უნდა იყოს ჩინელი, დაფინანსებაში 20%-ზე მეტად ჩინური მხარე უნდა მონაწილეობდეს.

კოპროდუქცია არ ცვლის მოთხოვნას, რომ ფილმმა ცენზურა გაიაროს, შესაბამისად კოპროდუქციით გადაღებული ფილმებიც კომუნისტური რეჟიმის მიმართ სიმპათიებს უნდა გამოხატავდეს.

2014 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ტრანსფორმერები: გადაშენების ეპოქა, სწორედ ჩინურ კოპროდუქციას წარმოადგენდა. Paramount Pictures-მა კონტრაქტი კომპანია China Movie Channel-თან გააფორმა.

კადრი ტრანსფორმერების გადასაღები მოედნიდან ჰონგ-კონგში
ფოტო: paramount

ტრანსფორმერების ფრენჩაიზის ამ ფილმს განსაკუთრებით უშინაარსოდ მიიჩნევენ, თუმცა ჩინელი მაყურებლისთვის მასში ბევრად მეტის დანახვაა შესაძლებელი, ვიდრე ამას გლობალური მაყურებელი ხედავს. გადაშენების ეპოქა სავსეა კამეოებით რომლებსაც ჩინელი ვარსკვლავები ასრულებენ. ფილმი პროდაქტ ფლეისმენთის სახით 100-ზე მეტი ჩინური ბრენდის რეკლამირებასაც აკეთებს. არის ხუმრობები, რომელსაც მხოლოდ მანდარინის მცოდნე შეამჩნევს. ამ თარგეთირების შედეგად მაიკლ ბეის ფილმმა ჩინურ ბაზარზე $228 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. ფილმის გაქირავებით მიღებული სრული შემოსავალი $1 მილიარდს აჭარბებს.

რა გარდაქმნა მიმდინარეობს ახლა ჰოლივუდში

კინოთეატრში ფილმის ნახვა სულ უფრო მეტად ხდება ნიშური პროდუქტი, ამის მიზეზი მცირე ეკრანის (ტელევიზიისა და ონლაინ სტრიმინგის) აღზევებაა. ეს ცვლილება სტუდიებს გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებს. ჰოლივუდური სტუდიები გაზრდილი რისკების საპასუხოდ შემოსავლებისთვის ძირითად იმედებს ამყარებენ ისეთ ფილმებზე, რომელთა წარმატებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ასეთი, შედარებით ურისკო, ფილმები კი უფრო ხშირ შემთხვევაში არის სიქველები.

კინოგაქირავების საშუალო შედეგებით ჰოლივუდის მიერ გადაღებული ორიგინალი ფილმის (ფილმის, რომელიც არაა სიქველი) საშუალო შემოსავალი არის $20 მილიონი, მაშინ როდესაც სიქველის (ფილმის, რომელიც არის მეორე სერია, რებუთი ან ფრენჩაიზის ნაწილი) საშუალო შემოსავალი არის $160 მილიონი. ეს ორიგინალ ფილმზე რვაჯერ მეტია.

ამიტომაც სტუდიები დაფინანსების განაწილების დროს უფრო მარტივად აძლევენ ფინანსებს ისეთი ფილმებს, რომლებსაც მომავალში შესაძლოა გაგრძელებები მოჰყვეთ.  ეს კი სცენარების მნიშვნელოვან ნაწილს დაფინანსების რესურსის გარეშე ტოვებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც სიქველებისა და რებუთების რაოდენობა ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი. იმის მიუხედავად, რომ ამ ფილმების დიდ ნაწილს IMDB-ზე დაბალი რეიტინგი აქვთ, მათ მაინც მილიონობით მაყურებელი უყურებს და შესაბამისად, სტუდიისთვის შემოსავალი მოაქვთ.

ასევე მნიშვნელოვანია დემოგრაფია, 2016 წელს Warner Bros-მა რეჟისორ დევიდ ეიერს სთხოვა ამოეჭრა ძალადობრივი სცენების დიდი ნაწილი ფილმ თვითმკვლელთა რაზმიდან (Suicide Squad). მიზეზი იყო დემოგრაფია, ფილმის პირვანდელი ვარიანტი იყო R კატეგორიის, რაც ნიშნავდა, რომ 17 წლამდე პირებს მისი ნახვა არ შეეძლოთ, გადაკეთების შემდეგ კი ის PG 13 გახდა, ანუ 13 წლის მაყურებლებსაც შეეძლოთ მისი ნახვა. "თვითმკვლელთა რაზმიდან" სცენების დიდი რაოდენობის ამოჭრამ შინაარსის დიდი ნაწილიც შეიწირა. უფრო ფართო კატეგორისთვის მორგებულმა ფილმმა კრიტიკოსთა დაბაი შეფასება დაიმსახურა, ამის სანაცვლოდ მან სტუდიას $746 მილიონი მოუტანა.

 

კომენტარები