რუსული ოკუპაცია

ოთხოზორიას დედა: ტატუნაშვილების ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია

Facebook/ George Kikabidze

2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი დღეს წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე მივიდა. გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, "ტატუნაშვილების ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია".

"წელიწადი და ათი თვის წინ ჩვენი შვილიც ასე ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი დაიცვა, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ, ექვსი ტყვიით ჩამიცხრილეს.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი, ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს" - თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.

2018 წლის 23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. მისი ცხედარი მხოლოდ 20 მარტს, 26 დღის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს, დაგვიანების მიზეზად კი, რუსეთის მიერ ჩასატარებელი "სიღრმისეული ექსპერტიზა" დაასახელეს.

2 წლით ადრე, 2016 წლის 19 მაისს, 30 წლის გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შეიარაღებულ დე ფაქტო მესაზღვრეებთან შელაპარაკება მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.

ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაშიდ კანჯი-ოღლი დაკავებული არ არის.

კომენტარები