ზვიად რატიანის საქმე

რატიანის ვიდეოს გასაჯაროების გამო, ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო

რუსთავი 2

ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ტაბულას ინფორმაცია ინსპექტორის აპარატმაც დაუდასტურა. 

ინსპექტორის განმარტებით, "ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული მიზანი მიიღწეოდა ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების (ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება) გარეშე, საზოგადოების ინფორმირების გზით". 

შესაბამისად, ინსპექტორის 23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შსს-ს რატიანის შესახებ ვიდეოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემისთვის კანონით მინიჭებული უფლება არ ჰქონია. 

EMC-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა ინსპექტორს 2018 წლის 11 იანვარს მიმართა, რათა ინსპექტორს გამოეძიებინა პოლიციელის მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღებისა და რატიანის შესახებ მობილურითგაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის კანონიერების შესწავლა. 

ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მათ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც მიმართეს, რომელმაც მათივე ცნობით, დაასკვნა, რომ პოლიციელთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. 

ტაბულა დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციის გადამოწმების ეტაპზე არიან. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. 29 დეკემბერს, სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს და მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

კომენტარები