გიგი უგულავას საქმე

სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო, თუმცა მას ეს სასჯელი მოხდილად ეთვლება

Tzona.org

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ჩაეთვლება.

თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

"ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. მართალია, უფრო მსუბუქ მუხლზე გადაიყვანა კვალიფიკაცია მოსამართლემ, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საქმეზე, რომელიც პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული. გიგი უგულავას მიმართ წარმოებული აბსოლუტურად ყველა საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ის მთელი 9 თვის მანძილზე უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში, 9 თვის ვადის გასვლის შემდეგ არაკონსტიტუციურად კვლავ გაუგრძელეს პატიმრობა და წელიწადზე მეტი დროის მანძილზე სრულიად უკანონო პატიმარი იყო. აქედან გამომდინარე, მის მიმართ წარმოებული ნებისმიერი საქმე, რომელიც მის პოლიტიკურ მოღვაწეობას შეეხება და გამოტანილი ნებისმიერი გამამტყუნებელი განაჩენი არის არაკანონიერი და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან", - უთხრა ბექა ბასილაიამ ტაბულას.

გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი, გაფლანგვა ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები