ავღანეთი

ავღანეთის პრეზიდენტი თალიბანთან უპირობო მოლაპარაკებებისათვის მზადაა

აშრაფ ღანი
Reuters

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ თალიბანს ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარება და 16 წლიანი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

ღანიმ თალიბანს ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდა და სანაცვლოდ არჩევნებში და კონსტიტუციის გადახედვაში ჩართვა შესთავაზა. თალიბანის მხრიდან არსებული მთავრობის აღიარების და კანონებისადმი დამორჩილების სანაცვლოდ ღანი დაპატიმრებული თალიბანის წევრების გათავისუფლებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას სთავაზობს.

"ჩვენ ამ შემოთავაზებას წინაპირობების გარეშე ვაკეთებთ, რათა მივიდეთ მშვიდობიან შეთანხმებამდე." თქვა მან საერთაშორისო კონფერენციაზე მშვიდობის მშენებლობის შესახებ.

წარსულში ღანი თალიბანს "ტერორისტებად" და "ამბოხებულებად" მოიხსენიებდა, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებდა. თალიბანი ისლამისტური მმართველობის აღსადგენად 2001 წელს აშშ-ის მიერ მათი გაძევების შემდეგ იბრძვის. ისინი ამ დრომდე აშშ-სთან მოლაპარაკებების ინიციატივით გამოდიოდნენ, თუმცა ოფიციალურ ქაბულთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს ამბობდნენ. ღანის თქმით თალიბანი ხედავს, რომ კონტექსტი იცვლება და მზად უნდა იყოს მოლაპარაკებებისათვის. მან მოლაპარაკებებში ჩართვისაკენ პაკისტანსაც მოუწოდა, რომელსაც წლების მანძილზე თალიბანის დახმარებაში ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა გასულ წელს ავღანეთის მთავრობას დახმარება გაუზარდა და თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ავიაიერიშები განახორციელა.

მიუხედავად ამისა, თალიბანმა გასულ თვეს ქაბულში მომხდარ ორ ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა, რომელთაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ესმხვერპლა.

კომენტარები