ISIS

Washington Post: ISIS-ის 50 მებრძოლი საქართველოში დაბრუნდა

Washington Post

ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო დაეცა, მებრძოლები კი სამშობლოში ბრუნდებიან. ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ ეს მსოფლიოსთვის ახალი პრობლემაა.

გამოცემა Soufan Center-ის და გლობალური სტრატეგიული ქსელის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თავის სამშობლოში, მათ შორის საქართველოში 5 600 მებრძოლი დაბრუნდა. 

კვლევა, სახელწოდებით ხალიფატს მიღმა: უცხოელი მებრძოლები და დაბრუნებულებისგან მომავალი საფრთხე" ოქტომბერში გამოქვეყნდა. 

კვლევის მიხედვით, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის 50 წევრი ჩამოვიდა. საქართველოდან ISIS-ს 200-ზე მეტი ადამანი შეუერთდა. 

ისლამური სახელმწიფოს ყველაზე მეტი წევრი თურქეთში დაბრუნდა - 900 მათგანი. ამ ქვეყნიდან სირიასა და ერაყში 2014-დან 2017 წლამდე 1 500 მებრძოლი წავიდა. 

ე.წ ისლამურ სახელმწიფოს 3 000-ზე მეტი მებრძოლი შეუერთდა, მათგან 760 უკვე სამშობლოშია.

ევროპაში 1,200 ტერორისტი დაბრუნდა - 400 დიდ ბრიტანეთში, 271 საფრანგეთში, დაახლოებით 300 კი გერმანიაში. 

3,400 რუსიდან, რომელიც ე.წ ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა, სახლში 400 ბრუნდება. 

რაც შეეხება აშშ-ს, აქ 7 ტერორისტი დაბრუნდა. შეერთებული შტატებიდან ტერორისტულ ორგანიზაციას 250 ადამიანი შეუერთდა. 2017 წლის აგვისტოში აშშ-მ ტერორიზმის და ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავა, მათგან 77-ს დანაშაული დაუმტკიცდა.

კვლევის მიხედვით, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ ე.წ ისლამური სახელმწიფოს დაბრუნებულ წევრებს – ბევრი დააპატიმრეს, ზოგს კი შესაძლოა რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. თუმცა, რეაბილიტაციის პროცესი რთული დასაგეგმი და ჩასატარებელია. 

რეინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთი გამოწვევა სამშობლოში დაბრუნებული ქალები და ის ბავშვები არიან, რომლებიც მაშინ დაიბადნენ, როდესაც მათი მშობლები ერაყსა და სირიაში იბრძოდნენ. 

კვლევაში ნათქვამია, რომ მართალია, დაბრუნებულ მებრძოლებს არ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმასა ან საფრთხეზე, თუმცა ისინი შესაძლოა გახდნენ შთაგონების წყარო ან მაგალითი მათთვის, ვინც რადიკალიზაციის გზას ადგას. 

კომენტარები