ჯანდაცვა

აბესაძე: ე.წ წამლების პროექტი გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის შემადგენელი ნაწილი

ტაბულა

ირაკლი აბესაძე პარლამენტს სთავაზობს, ე.წ წამლების პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდეს, სწორი ადმინისტრირებისთვის კი ის კერძო სადაზღვევო კომპანიას გადაეცეს. 

საქმე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის აპრილში დაწყებულ პროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურად, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, 600 ათას პენსიონერი და სოციალურად დაუცველი ადამიანი მწვავე ქრონიკული დაავადების 30 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად იღებს.  

"მსოფლიო ბანკის კვლევით, მედიკამენტებზე ფასის კატასტროფული ზრდის გამო, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს მოხდა, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი ხარჯები აქვთ და ამ ხარჯების 2/3 არის სწორედ მედიკამენტებისთვის გამოყოფილი. თითქოს შექმენით პროგრამა, რომლითაც უნდა ესარგებლა 200 ათას ადამიანს და ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვყავს 455 ათასი საარსებო შემწეობის მიმღები პირი, 720 ათასი პენსიონერი და კიდევ ათასობით სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი, მხოლოდ 13 ათასმა ადამიანმა მოახერხა თქვენი უგულისყურობის, გულგრილობის და ახალი ბიუროკრატიის შექმნის გამო ამ პროექტით სარგებლობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რომ წამლის პროექტი იყოს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, ხოლო მისი სწორი ადმინისტრირებისთვის ეს პროექტი გადაეცეს კერძო სადაზღვევო კომპანიას, რისი გაკეთებაც ადრე თუ გვიან მოგიწევთ“, - თქვა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები