დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი კონგრესში: გუანტანამოს ციხე აღარ დაიხურება

ტრამპის გამოსვლა კონგრესში
White House

დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ყოველწლიური ტრადიციაა, თუმცა პრეზიდენტობის პირველი წლის განმავლობაში არ ხდება. შესაბამისად, ტრამპისათვის ეს პირველი მსგავსი მიმართვა იყო.

მან დაახლოებით საათნახევარი ისაუბრა და შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ეკონომიკა, უსაფრთოება, მიგრაციის პოლიტიკა, საგარეო საფრთხეები და ა.შ.

გამოსვლის დასაწყისში ტრამპმა უკანასკნელი წლის მანძილზე თავდასხმების და ბუნებრივი საფრთხეების წინაშე ამერიკელების გმირობა აღნიშნა.

ის ასევე შეეხო მიგრაციის საკითხსაც. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების ჩავარდნის მიზეზი გახდა. ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ამ საკითხზე ითანამშრომლოს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან.

"ჩემი ვალი, და წმინდა ვალი ყველა არჩეული ოფიციალური პირისა ამ პალატაში არის ამერიკელების დაცვა - მათი უსაფრთხოების, ოჯახების, საზოგადოების, ამერიკულ ოცნებაზე მათი უფლების დაცვა." თქვა მან.

ტრამპმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და თქვა:

"ჩვენ ავაშენებთ ახალ ხიდებს, გზებს და რკინიგზას ჩვენს მიწაზე. და ჩვენ ამას გავაკეთებთ ამერიკული გულით, ამერიკული ხელებით და ამერიკული ხასიათის სიმტკიცით."

პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე მიღწევებსაც შეეხო და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება აღნიშნა.

"ერთი წლის შემდეგ მე ამაყი ვარ მოგახსენოთ, რომ კოალიციამ დაამარცხა ე.წ. ისლამური სახელმწიფო და გაათავისუფლა ტერიტორიის თითქმის 100%, რომელიც ამ დრომდე ამ მკვლელებს ეკავათ."

მან ჩრდილოეთ კორეის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი ლიდერი საკუთარ ხალხს პირუტყვივით ექცევა და უარი უნდა თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

"წარსული გამოცდილებები გვაჩვენებს, რომ თავის დამშვიდება და დათმობა მხოლოდ მეტ აგრესიას და პროვოკაციას იწვევს. მე არ გავიმეორებ წინა ადმინისტრაციების შეცდომებს, რომლებმაც საშიშ პოზიციაში ჩაგვაყენა."

ტრამპი ისრაელის და ირანის საკითხებსაც შეეხო.

"[იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებიდან] მალევე, ათობით ქვეყანამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამერიკის სუვერენული უფლების წინააღმდეგ მისცა ხმა. ამავე ქვეყნებს 2016 წელს ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა გულუხვად გაუგზავნეს 20 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება."

"როდესაც ირანელი ხალხი კორუმპირებული დიქტატურის დანაშაულებების წინააღმდეგ გამოვიდა მე ჩუმად არ ვყოფილვარ. ამერიკა მხარში უნდა დაუდგეს ირანელ ხალხს თავისუფლებისათვის მამაცურ ბრძოლაში. მე ვთხოვ კონგრესს გადახედოს ირანის საშინელი ბირთვული შეთანხმების ხარვეზებს."

მან კონგრესს ამ საკითხებში მისი ადმინისტრაციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბარაკ ობამას პოლიტიკის შებრუნებას გუანტანამოს ციხესთან დაკავშირებით. შესაბამისად, საპატიმრო აღარ დაიხურება.

ტრამპს მისი საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შეთქმულებაზე მიმდინარე გამოძიებაზე არ უსაუბრია. მან რუსეთი მხოლოდ ერთხელ ახსენა.

"მსოფლიოს გარშემო ჩვენ ვუპირისპირდებით ტერორისტულ ჯგუფებს და ისეთ მეტოქეებს, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ჩვენს ინტერესებს, ეკონომიკას და ღირებულებებს უპირისპირდებიან." თქვა მან.

პრეზიდენტმა კონგრესმენებს ერთსულოვნებისკენ მოუწოდა. "დღეს მოგიწოდებთ გვერდზე გადადოთ განსხვავებები, მოძებნოთ საერთო და იყოთ ერთსულოვნები ჩვენი ხალხისათვის."

პრეზიდენტის სიტყვას რესპუბლიკელი კონგრესმენები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ტრამპის გამოცვლის შემდეგ CNN-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გამოკითხულ მოქალაქეთა 48%-მა გამოსვლა "ძალიან დადებითად" შეაფასა, ხოლო 22%-მა "ნაწილობრივ დადებითად".

კომენტარები